ნიდერლანდებში, ამსტერდამში ჯოხებით და პეტარდებით შეიარაღებულმა ათობით პირმა ტრამვაის ცეცხლი წაუკიდა. ამასთან, ტრამვაის ფანჯრებიც ჩალეწილია.
პოლიციის თქმით, ცეცხლი მალევე ჩააქრეს, მასობრივი არეულობის აღმკვეთმა პოლიციელებმა კი რამდენიმე პირი დააკავეს.
პოლიციის სპიკერის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან ტრამვაი ცარიელი იყო.
ადგილობრივ ტელემაუწყებლობაში ნაჩვენებ კადრებში ჩანს, რომ ადამიანები ფეიერვერკებს, ბოძებსა და ხის სტელაჟებს ისროდნენ.
ინტერნეტში გავრცელებულ სურათებში ჩანს, რომ არეულობაში მონაწილეები საკუთრებას აზიანებდნენ და პეტარდებს აფეთქებდნენ.
პოლიციის თქმით, გაურკვეველია, ვინ დაიწყო არეულობა და დაკავშირებული იყო თუ არა ეს შემთხვევა წინა კვირას ისრაელელ ფეხბურთის გულშემატკივრებზე თავდასხმასთან. თუმცა, პოლიციამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ თავდასხმის შემდეგ ქალაქში დაძაბული ატმოსფეროა.
11 ნოემბერს ნიდერლანდების პოლიციამ გამოაცხადა, რომ 7 ნოემბერს ისრაელელ ფეხბურთის გულშემატკივრებზე თავდასხმასთან დაკავშირებით დამატებით 5 ბრალდებული დააკავეს. ბრალდებულები ამსტერდამსა და დედაქალაქთან ახლოს მდებარე ქალაქებში მცხოვრები 18-37 წლის ასაკის კაცები არიან.
მანამდე, პოლიციამ გამოაცხადა, რომ თავდასხმებთან დაკავშირებით 63 პირი დააკავეს. თუმცა, ნიდერლანდების პროკურატურის თქმით, 11 ნოემბრისთვის მხოლოდ 4 პირი იყო კვლავ დაკავებული, რომლებიც სასამართლოს წინაშე წარდგნენ.
7 ნოემბერს ღამით ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ისრაელური საფეხბურთო გუნდის, მაკაბი თელ-ავივისა, და ნიდერლანდური გუნდის, აიაქსის მატჩის შემდეგ ასობით ისრაელელ გულშემატკივარს თავს დაესხნენ.
ისრაელელი გულშემატკივრები ამბობდნენ, რომ ამსტერდამის ქუჩებში აიაქსთან მაკაბი თელ-ავივის მარცხის შემდეგ თავს დაესხნენ. ვიდეოებში ჩანს, რომ შენიღბული თავდამსხმელები პალესტინის დროშებს ატარებდნენ და პროპალესტინურ ლოზუნგებს ყვიროდნენ