ვლადიმირ პუტინმა კურსკში ათასობით რუსი და ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი გადაისროლა, რათა აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, რომელიც იანვარში გაიმართება, უკრაინელებისგან ოლქის დაბრუნება მოასწროს. ინფორმაციას გამოცემა The Telegraph ავრცელებს.
უკრაინის ერთ-ერთმა სამხედრო მეთაურმა თქვა, რომ "მტრის ათობით ათასი ჯარისკაცი" ჩავიდა კურსკში, რათა რუსეთის ანკლავიდან კიევის ძალები განდევნონ.
ბრიტანული დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსეთი შემდგომ ხანებში კიდევ უფრო გააძლიერებს ე.წ. კამიკაძე დრონების გამოყენებას კურსკში უკრაინულ სამხედრო პოზიციებზე თავდასხმისთვის.
დასავლელი დიპლომატები ფიქრობენ, რომ პუტინი კურსკის ტერიტორიების დაბრუნებას ტრამპის ინაუგურაციამდე ეცდება იმ მიზეზით, რომ რუსეთს, პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, უპირატესობა ჰქონდეს და უკრაინის მხარის მიერ კურსკის ოლქი ბერკეტად არ იქნეს გამოყენებული.
უკრაინელი სამხედროები რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე წლის აგვისტოში შეიჭრნენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა უკრაინელების მიერ აგვისტოში დაკავებული კურსკის ტერიტორიების ნახევარი უკვე დაიბრუნა, ოლქში არ წყდება რუსი და, ამასთანავე, ჩრდილოკორეელებისგან შემდგარი ბატალიონების გადასროლა.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის კურსკში დაახლოებით 12,000 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი იბრძვის. ოქტომბერში გავრცელებული ცნობებით, რუსეთმა ოლქში დამატებით 50,000 რუსი სამხედროც გადაისროლა.
ცნობისთვის, გამოცემა Washington Post-მა 10 ნოემბერს გაავრცელა ცნობები, რომ აშშ-ს 7 ნოემბერს აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავება ურჩია და ევროპაში ამერიკული სამხედრო განლაგებების შესახებ შეახსენა.
აღნიშნული ცნობები კრემლმა უარყო. კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ინფორმაცია "სიმართლეს არ შეესაბამება, არის გამოგონილი ამბავი და, უბრალოდ, ცრუ ინფორმაცია".