გერმანია

შოლცი არ გამორიცხავს, რომ მთავრობისადმი ნდობაზე კენჭისყრა შობამდე დააყენოს

გერმანიის მმართველი კოალიციის წევრი პარტიების ლიდერები (მარცხნიდან მარჯვნივ): რობერტ ჰაბეკი, ოლაფ შოლცი, ქრისტიან ლინდნერი
REUTERS/Fabrizio Bensch/File Photo

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, არ გამორიცხავს, რომ ბუნდესტაგში მისი მთავრობისადმი ნდობის საკითხზე კენჭისყრა შობამდე დააყენოს.

ამის შესახებ მან გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ARD-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

"ჩემთვის არ არის პრობლემა, რომ ნდობის შესახებ კენჭისყრა შობამდე დავაყენო, თუ ყველა შეთანხმდება. […] ჩემს სამსახურს არ ვებღაუჭები“. - თქვა შოლცმა ARD-სთან საუბრისას.

როგორც შოცლმა ARD-სთან ინტერვიუში თქვა, ბუნდესტაგში მთავრობის ნდობის საკითხზე კენჭისყრა წლის ბოლომდე იმ შემთხვევაში იქნება, თუ შოლცის სოციალდემოკრატიული პარტიის (SPD) თავმჯდომარე, როლფ მიუტცენიხი და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერი, ფრიდრიხ მერცი თარიღზე შეთანხმდებიან.

შოლცმა ბუნდესტაგში პარტიათა სურვილების ფონზე თავისი პოზიცია შეცვალა. თავდაპირველად, შოლცი გეგმავდა, რომ ბუნდესტაგში თავისი მთავრობისადმი ნდობის საკითხი კენჭისყრაზე 15 იანვარს დაეყენებინა, რაც რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მარტში გახდიდა შესაძლებელს.

კონსერვატიულ ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნები უფრო ადრე, იანვარში სურს. 

სამთავრობო კოალიციაში შემავალი მწვანეთა პარტიის წევრები ასევე ამბობენ, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე კენჭისყრა დეკემბერში უნდა შედგეს.

რიგგარეშე არჩევნების იანვარში ჩატარების შესახებ შოლცს აქამდე თავისუფალი დემოკრატების (FDP) ლიდერმა და ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმაც შესთავაზა, თუმცა კანცლერისგან უარი მიიღო.

გეგმიური ფედერალური არჩევნები გერმანიაში 2025 წლის სექტემბერში იყო ჩანიშნული. ქვეყნის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, ის კანცლერი გადაწყვეტილებას ხელს არ შეუშლის.

მანამდე, გერმანიის მმართველი შუქნიშნის კოალიციარომელიც სამი პარტიისგან: გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD), თავისუფალი დემოკრატებისა (FDP) და მწვანეებისგან შედგებოდა, დაიშალა.

კომენტარები