ისრაელის ახლად დანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, 10 ნოემბერს განაცხადა, რომ ისრაელმა ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაცია დაამარცხა და რომ ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას, მოკვლა მთავარი მიღწევა იყო.
ისრაელ კაცის თქმით, "ახლა ჩვენი საქმე ზეწოლის გაგრძელებაა, რათა ამ გამარჯვების ნაყოფი მივიღოთ".
ამასთანავე, თავდაცვის მინისტრმა დაამატა, რომ ისრაელის ინტერესებში არ არის ლიბანის შიდა პოლიტიკაში ჩარევა, ვინაიდან ისრაელმა "თავისი გაკვეთილი ისწავლა". თუმცა, ისრაელ კაცის თქმით, მას იმედი აქვს, რომ საერთაშორისო კოალიცია ამ შესაძლებლობას გამოიყენებს და რომ ლიბანი ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების მხრივ სხვა ქვეყნებს შეუერთდება.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანთი, თანამდებობიდან გაათავისუფლა. 5 ნოემბრის საღამოს გამოქვეყნებულ მიმართვაში ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ "ჩემსა და თავდაცვის მინისტრს შორის ნდობაში ბზარი გაჩნდა".
გალანთი თანამდებობაზე ისრაელ კაცმა ჩაანაცვლა, რომელსაც მანამდე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გიდეონ საარი დაინიშნა.