ბრიტანული გამომცემლობის, Daily Mail-ის ინფორმაციით, მათ მოიპოვეს სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული კადრები, რომლებზეც, გამოცემის თქმით, ჩანს თუ როგორ აწამებენ ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის წევრები პატიმრობაში მყოფ პალესტინელ მოქალაქეებს. კადრები ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ჩრდილოეთ ღაზაში აღმოაჩინეს.
Daily Mail-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის მიტოვებულ სამხედრო კომპლექსში სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ათასობით საათის ამსახველი ჩანაწერები აღმოაჩინეს.
როგორც წერს Daily Mail, ერთ-ერთ ჩანაწერში ჩანს თუ როგორ არიან დაკავებული მამაკაცები ჭერზე ფეხებით მიჯაჭვულები, თავზე ტომრები აქვთ ჩამოფარებული, ჰამასის წევრები კი მათ ფეხის გულებზე ჯოხს ურტყამენ.
ჩანაწერებზე აღბეჭდილი თარიღების მიხედვით, კადრები 2018 წლიდან 2020 წლამდე პერიოდშია გადაღებული.
გამომცემლობის თქმით, ჰამასის მიერ ამ მამაკაცების დაკავების ზუსტი მიზეზი უცნობია.
Daily Mail-ის თქმით, ჰამასის წამების ერთ-ერთმა ყოფილმა მსხვერპლმა, ჰამზა ჰოუვიდიმ, რომელმაც შემდგომში ღაზიდან გაქცევა მოახერხა, მოუყვა მათ, რომ "ისინი [ჰამასის წევები] თქვენ გაწამებენ იქამდე, სანამ არ დანებდებით და არ იტყვით ყველაფერს, რაც მათ სურთ".