არჩევნები 2024

კუპრაძე: პროკურატურა ითხოვს მტკიცებულებებს, რომლებზე წვდომის უფლებასაც არ გვაძლევს

კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. 

კუპრაძის თქმით, პროკურატურა ითხოვს მტკიცებულებების წარმოდგენას იმ დროს, როცა მტკიცებულებებთან წვდომის უფლებას არ აძლევს, რაშიც იგულისხმება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შესაბამისი სიებისა და პროგრამული ჩანაწერების გასაჯაროება გამოძიების ჩატარების მიზნით.

"კომუნიკაცია სასამართლო პროცესზე და გამოკითხვაზე იყო საკმაოდ დაძაბული. მე მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ მიმეთითებინა იმ ვიდეომტკიცებულებებზე, რომლებიც საჯარო სივრცეში უკვე არსებობს, მათ შორის, ტელევიზიებში, პირდაპირ ეთერში ნაჩვენები კანონდარღვევები და სისხლის სამართლის დანაშაულები. რა ტიპის გამოძიებაა ეს ამაზე მიუთითებს ივანიშვილის მთელი პოლიტიკა და მიტაცება ზოგადად ინსტიტუტების და მათ შორის საქართველოს პროკურატურის.

პროკურატურა ითხოვს მტკიცებულებების წარმოდგენას იმ დროს, როცა მტკიცებულებებთან წვდომის უფლებას ჩვენ არ გვაძლევს. წვდომის უფლებაში იგულისხმება, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოგვაწოდოს შესაბამისი სიები, პროგრამული ჩანაწერები, რათა მოხდეს გამოძიება. ამ გამოძიების ჩატარება შეგვიძლია ჩვენც, თუმცა წვდომა ამ დოკუმენტებთან არ გვეძლევა ისევ და ისევ პროკურატურის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების გამო.

მოსამართლე საერთოდ არანაირ როლს არ ასრულებს ამ პროცესში, ის არის გამფორმებელი იმ პროცესის, რასაც აწარმოებს საქართველოს პროკურატურა". - თქვა კუპრაძემ.

ირაკლი კუპრაძე და კოალიცია ცვლილებების წევრი, თენგო თევზაძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე 8 ნოემბერს დაიბარეს.

პროკურატურაში ასევე დაიბარეს კოალიცია ძლიერი საქართველოს კიდევ ერთი ლიდერი, საბა ბუაძეც.

სასამართლოში გამოკითხვაზე ძლიერი საქართველოსთვის ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც იმყოფებოდა. ასევე, საქმეზე უკვე გამოკითხეს გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.

კომენტარები