არჩევნები 2024

კუპრაძე და თევზაძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს

არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე და კოალიცია ცვლილებების წევრი, თენგო თევზაძე.

"ქართული ოცნება აგრძელებს საგამოძიებო ფარსს პროკურატურის მონაწილეობით.
დამირეკეს და დამიბარეს გამოკითხვაზე პროკურატურაში.

რა თქმა უნდა პროკურატურას ვუცხადებ უნდობლობას. თუმცა, მზად ვარ, სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან წარვადგინო და ვამხილო ქართული ოცნების გაყალბების სქემა". - წერს კუპრაძე სოციალურ ქსელში.

თევზაძე პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა.

"პროკურატურაში დამიბარეს არჩევნების გაყალბების საქმეზე.

რა თქმა უნდა არ ვაპირებ არჩევნების გაყალბების საკითხზე პროკურატურაში მისვლას (იქ მისვლა ჩემთვის არ იქნებოდა არანაირი პრობლემა ჯერ ქოცები და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები რომ გამოეკითხათ და რეალური მოტივაცია რომ ჰქონდეთ გამოძიების), მოვითხოვე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა. ძალიან ვხალისობ, ჯერ თენგო, თენგოო “ვითომ კამპანია” ააგორეს ახლა მოგვიყევი/გვასწავლე როგორ გაყალბდაო. აუცილებლად მოვყვები, ამ გამოძიების არ მჯერა და ოცნების მხრიდან ფორმალურ სახეს ატარებს (საერთაშორისო პარტნიორებისთვის არის, აი ვიძიებთ და არაფერი არ დადასტურდაო) მაგრამ ეს გამოძიება აუცილებლად განახლდება და დაადგენს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას". - წერს თევზაძე.

პროკურატურაში ასევე დაიბარეს კოალიცია ძლიერი საქართველოს კიდევ ერთი ლიდერი, საბა ბუაძეც.

სასამართლოში გამოკითხვაზე ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც იმყოფებოდა. ასევე, საქმეზე უკვე გამოკითხეს გახარია-საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.

პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, გამოძიება 47 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო -  არჩევნების გაყალბების, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის, საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის მოსყიდვის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან წინასაარჩევნო აგიტაციისას ძალადობის და მუქარის, ნივთის დაზიანების და განადგურების კვალიფიკაციით.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მომართვები, ასევე, მედიით გავრცელებული ინფორმაციები.

კომენტარები