არჩევნები 2024

არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე საბა ბუაძე პროკურატურაში დაიბარეს

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

"დილიდან, ჩემი განწყობის გალამაზებაზე ჩვენი სპეტაკი პროკურატურის წარმომადგენელმა იზრუნა, რომელმაც არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე დამიბარა. ცხადია, ამ "პატიოსან" მკერავ-პროკურორთა სახლში მისვლას არ ვაპირებ და დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე ველოდები.

ამასობაში, ვინმემ თუ მოისმინეთ პროკურატურისგან, რა ნაბიჯები გადაიდგა არჩევნების დღეს დადასტურებულ დანაშაულებრივ შემთხვევებზე?". - წერს ბუაძე.

სასამართლოში გამოკითხვაზე ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც იმყოფებოდა. ასევე, საქმეზე უკვე გამოკითხეს გახარია-საქართველოსთვის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერები, ნათია მეზვრიშვილი და ზურა ჯაფარიძე.

პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, გამოძიება 47 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო -  არჩევნების გაყალბების, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის, საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის მოსყიდვის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან წინასაარჩევნო აგიტაციისას ძალადობის და მუქარის, ნივთის დაზიანების და განადგურების კვალიფიკაციით.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მომართვები, ასევე, მედიით გავრცელებული ინფორმაციები.

კომენტარები