ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, თეთრიწყაროს სასამართლო განიხილავს მათ სარჩელს ხმის ფარულობის საკითხზე.
"მიმდინარე პროცესის ფარგლებში, მოსამართლემ საიას შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა შემთხვევითი შერჩევით წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში შემავალი 3-3 უბნის ბიულეტენები, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალია.
მოსამართლემ ასევე მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი. სასამართლო სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია" - წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
სარჩელს თეთრიწყაროს სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ვლადიმერ ხუჭუა განიხილავს.
30 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, საია ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა. ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობდა, რომ ხმის ფარულობის პრინციპი მასობრივად დაირღვა. საიას საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებში 31 ოქტომბერს, 18:00 საათიდან დაიწყო. პროცესი კი სასამართლოში გაგრძელდა.
3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას სარჩელი არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა - დაეთვალიერებინა შემთხვევითი შერჩევით უბნების დალუქული ბიულეტენები და საქმეში მესამე პირად ჩაერთო ცესკო.





