ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 17 სექტემბერს წერილით მიმართეს, სადაც მათ შორის, ბიულეტენის ხარისხზე წერდნენ და მიუთითებდნენ, რომ უნდა მიღებულიყო ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
როგორც საია-ს მიერ გამოქვეყნებული წერილიდან ირკვევა, ცესკომ ორგანიზაციას 28 სექტემბერს უპასუხა, სადაც ეწერა, რომ "[სასწავლო-საინფორმაციო] შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი არის სატესტო ვერსია და შესაბამისად, კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნება განსხვავებული, რაც უზრუნველყოფს ფარულობის დაცვას."
"არჩევნების დღეს ხმის ფარულობის დარღვევის რისკები საიამ არჩევნებამდე ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინა და ამის შესახებ წინასწარ მიმართა ცესკოს, რომ მიეღო შესაბამისი ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
2024 წლის 28 სექტემბრის წერილით №01-01/1607 საიას ეცნობა, რომ ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას. თუმცა, ეს პირობა ვერ შესრულდა." - წერს ორგანიზაცია და მიღებული წერილის ფოტოებს ავრცელებს.
ბიულეტენებში მარკირების კვალის ხილვადობაზე აქტიურად ლაპარაკობენ მოქალაქეები, დაკვირვებლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. სოციალურ ქსელებში ვრცელდება აღნიშნული პრობლემის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები.
სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც ითხოვს შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის [2263 უბანი] შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.