საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ე.წ ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით, "კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს".
"დღეის მდგომარეობით გამოძიება გრძელდება და სამსახური საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ" - ნათქვამია განცხადებაში.
24 ოქტომბერს ფინანსური პოლიცია რამდენიმე პირის, მათ შორის Atlantic Council-ის მკვლევრების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. მათი სახლებიდან წაიღეს პერსონალური კომპიუტერები და მობილური ტელეფონები. გელავას სახლიდან წაიღეს მისი მეუღლის, ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ნონიაშვილის ლეპტოპი და მათი არასრულწლოვანი შვილის ლეპტოპიც. ჩხრეკა სასამართლოს განჩინებით ჩატარდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპარატიული ინფორმაციის შესაბამისად, "სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები".
"მიღებული ინფორმაციით, ქოლცენტრების საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან.
ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით.
საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ" - ნათქვამია 24 ოქტომბრის განცხადებაში.
29 ოქტომბერს სოფო გელავას მეუღლემ, გიორგი ნონიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გელავასა და ბუზიაშვილს საკუთარ საბანკო (TBC და საქართველოს ბანკის) ანგარიშებზე წვდომა აღარ ჰქონდათ.
"ჩხრეკიდან 4 დღის შემდეგ, სოფომ მაღაზიაში პური ვერ იყიდა; ასე გავიგეთ ახალი ამბავი - მისი პირადი ანგარიშები და ბარათები გაჩერებულია. აღმოჩნდა, რომ ეთოსაც იგივე პრობლემა აქვს.
ბანკებში წერილობით ახსნა-განმარტების გაცემაზე და საფუძვლის დასახელებაზეც უარს ამბობენ.
ოფიციალურად ყადაღა არ ადევს ანგარიშებს, რაც ნიშნავს რომ უსაფუძვლოდ და უკანონოდ შეზღუდულია წვდომა და საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ სახელმწიფოს არაფორმალური ინსტრუქტაჟით.
გვეუბნებიან რომ ანგარიშები გააჩერეს, თუმცა რა საფუძვლით ამაზე პასუხს ვერ გაგვცემენ.
თუ თიბისი და საქართველოს ბანკი ვერ ხვდებიან, რომ მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი შეიძლება მიიღონ ამ "ბესპრედელის" გამო (ქვეყნის გარეთაც) - გავაგებინებთ". - წერს პარტია ფედერალისტების წევრი და სოფო გელავას მეუღლე, გიორგი ნონიაშვილი Facebook-ზე.
ატლანტიკური საბჭო 1961 წელს დაფუძნებული ამერიკული კვლევითი ცენტრია, ხოლო ბუზიაშვილი და გელავა ატლანტიკური საბჭოს ორგანიზაცია "ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის" მკვლევრები არიან.





