ფინანსური პოლიცია

ჯეოსელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

კომპანია ჯეოსელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 218-ე მუხლით აღიძრა. დანაშაული დიდი ოდენობით გადასახადისაგან თავის არიდებას გულისხმობს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის გიორგი გრძელიშვილის თქმით, უწყება დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანია ჯეოსელში 13 თებერვალს შევიდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის #218 მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით გადასახადებისაგან თავის არიდებას გულისხმობს. ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ინფორმაციის მოწოდება შემიძლია. დანარჩენ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს ჩვენი სამსახური“, - აღნიშნა გრძელიშვილმა.

კომპანია ჯეოსელის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა პასი კოისტინენმა ჯეოსელში მიმდინარე ფინანსურ შემოწმებასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა.

"ჩვენ ვადასტურებთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შემოსვლას კომპანიაში. ამჟამად ჯეოსელში მიმდინარეობს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს გამოძიებისთვის საინტერესო ინფრმაციის ამოღებას. აქვე დავძენთ, რომ ჩვენთვის, სამწუხაროდ, დღემდე უცნობია ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. ჩვენ ვართ საერთაშორისო კომპანია, რომელიც მოქმედებს გამჭირვალე და პასუხისმგებლობით აღსავსე ეთიკური ბიზნესპრაქტიკით. არ გვაქვს არანაირი მიზეზი, თავი ავარიდოთ გადასახადებსა თუ სხვა ვალდებულებებს. ჯეოსელი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი გადასახადების გადამხდელია. მისი არსებობის მანძილზე კომპანიის ყველა საქმიანობა/ოპერაცია აღრიცხული და დოკუმენტირებულია მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული კომპანიების მიერ. ჯეოსელი გადადგამს ყველა სამართლებრივ ნაბიჯს, რათა მაქსიმალურად დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ვიზრუნებთ, რომ გამოძიების პროცესი წარიმართოს სრულყოფილად. საზოგადოებისთვის გამჭირვალედ, რომლის საბოლოო მიზანი იქნება სისხლის სამართლის საქმის დაწყების რეალური ფაქტობრივი საფუძვლების დადგენა", - ნათქვამია პასი კოისტინენის განცხადებაში.

კომენტარები