კოალიცია ცვლილებებისთვის საარჩევნო სიის პირველი ნომრის, ნანა მალაშხიას თქმით, კოალიცია საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს.
"კოალიცია ცვლილებებისთვის ვამბობთ, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული, ხოლო შედეგები არის არალეგიტიმური. ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას. ჩვენ ჩვენს საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს.
მე, ნანა მალაშხია, სიის პირველი ნომერი პოლიტიკაში არ შემოვსულვარ, შემოვედი იდეებისათვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ამიტომ, მე დღეს ვამბობ უარს ჩემს საპარლამენტო მანდატზე. [..]
ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ ქართველი ხალხის ხმების დასაცავად იქამდე, სანამ ქართველი ხალხის ხმა არ იქნება გაგონილი ამ ქვეყანაში". - თქვა მალაშხიამ ბრიფინგზე.
კოალიცია ცვლილებებისთვის სიის პირველი ოცეული შემდეგია: ნანა მალაშხია, ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიგა ლემონჯავა, თენგო თევზაძე, ცოტნე კობერიძე, გიორგი კირთაძე, ივა ჭყონია, ხათუნა სამნიძე, ოქტაი კაზუმოვი, მაია კოპალეიშვილი, გიორგი ბუტიკაშვილი, ბორის ჩელე ყურუა, ანა გოგოლაძე, გიორგი იმედაშვილი, ელენე ხოშტარია, სოფია გოლეთიანი, მარიკა არევაძე, ანი ქავთარაძე, თორნიკე ბიკაშვილი.
ნიკა გვარამიას თქმით, კოალიციის დარჩენილი წევრები "იდენტურ განცხადებას გააკეთებენ" და ერთიანი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კოალიცია სიას ჩახსნის.
"ყველა დარჩენილი ადამიანი, ვინც არის ჩვენს სიაში, გააკეთებს აბსოლუტურად იდენტურ განცხადებას. აბსოლუტურად იდენტური იქნება მათი დამოკიდებულება, ამ ოცეულის არშესვლის შემთხვევაში არავინ არ ჩაანაცვლებს მათ. ჩვენ ჩავხსნით სიას, თუ ერთიანი გადაწყვეტილება იქნა ამასთან დაკავშირებული საჭირო. თუმცა არ ვაპირებ, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ჩვენი კოალიციის ყველა პარტიის წევრის კეთილსინდისიერება, პატრიოტიზმი და სამშობლოსადმი მსახურება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არ არსებობს ამ სიაში ადამიანი, ვინც მიიღებდა განსხვავებულ გადაწყვეტილებას". - თქვა გვარამიამ.
თავად გვარამია კოალიცია ცვლილებებისთვის სიაში არ არის.





