რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთი ჩრდ. კორეელი ჯარისკაცების პირველ პარტიას 27-28 ოქტომბერს გამოიყენებს

ფოტო: KCNA/REUTERS

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების პირველ პარტიას საბრძოლო ზონებში 27-28 ოქტომბერს გამოიყენებს. ამის შესახებ Telegram-ზე უკრაინის პრეზიდენტი უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს

"გენშტაბის მეთაურმა შეგვატყობინა რუსეთის მიერ ჩრდილოეთკორეელი სამხედროების გამოყენებაზე. დაზვერვის ცნობით, 27-28 ოქტომბერს რუსეთი საბრძოლო ზონებში ჩრდილოეთკორეელები ჯარისკაცების პირველ პარტიას გამოიყენებს. ეს რუსეთის ცხადი ნაბიჯია ესკალაციისკენ, რაც კონტრასტშია იმ დეზინფორმაციასთან, რომელსაც ისინი ეს დღეებია, ყაზანში [BRICS-ის სამიტზე] ავრცელებენ. მსოფლიომ უნდა დაინახოს, თუ რა სურს რუსეთს სინამდვილეში და რომ ეს ომის გაგრძელებაა. სწორედ ამიტომაა საჭირო მსოფლიო ლიდერებისგან პრინციპული და ძლიერი რეაქცია. ჩრდილოეთ კორეის მიერ ომში არსებით ჩართულობას არა დახუჭული თვალებითა და დაბნეული კომენტარებით, არამედ მოსკოვსა და ფხენიანზე ხელშესახები წნეხით უნდა შევხვდეთ", - წერს ზელენსკი Telegram-არხზე. 

23 ოქტომბერს აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ. ამას გარდა, სამხრეთ კორეელმა პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 3 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდასაჭერად.

 

მანამდე, 14 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში სამხედროებს აგზავნის, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან. 

"ჩრდილოეთ კორეა რუსეთს არამარტო იარაღით ეხმარება, ის საკუთარ მოქალაქეებს ფრონტის ხაზზე გზავნის. ვხედავთ, რომ რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა, კავშირი მძლავრდება". – თქვა ზელენსკიმ.

მოგვიანებით, რუსულ Telegram-არხებზე გავრცელდა ვიდეოები, რომლებიც, ცნობების თანახმად, ჩრდილოეთკორეელი სამხედროების წვრთნებს ასახავს რუსეთის პრიმორსკის მხარეში. 

ჯამში, სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში 12,000 ჯარისკაცისგან შემდგარ ოთხ ბრიგადას გაგზავნის. 

აქამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა საოკუპაციო არმიის მე-11 საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ბრიგადის ბაზაზე "ბურიატის განსაკუთრებული ბატალიონი" შექმნა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებისგანაა დაკომპლექტებული. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Liga.net უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს

კომენტარები