ცენტრალური საარჩევნო კომისია საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და წერს, რომ "კონკრეტული პირები უხეშად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას". ცესკო მოუწოდებს "დაინტერესებულ პირებს", ადამიანის გარდაცვალების ფაქტს ნუ გამოიყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.
"მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, კონკრეტული პირები ავრცელებენ განცხადებებს, უხეშად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალებაში ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ადანაშაულებენ.
სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი ბრალდებები წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე.
გვინდა მივმართოთ დაინტერესებულ პირებს, ადამიანის გარდაცვალების ფაქტს ნუ გამოიყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, დაელოდონ შესაბამისი ორგანოების მიერ კანონით გათვალისწინებულ მოქმედებებს და ნუ გაავრცელებენ არასწორ ინფორმაციას" - აცხადებს ცესკო.
კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის წევრი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მოქმედი პარლამენტარი ქეთი თურაზაშვილის მამა და პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენელი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში, ალექსანდრე თურაზაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც საბურთალოს საოლქო კომისიის სახელისუფლებო წარმომადგენელმა, თეონა ჯაფარიძემ მას სატელეფონო საუბრისას "ენით აღუწერელი" შეურაცხყოფა მიაყენა.
"გარდაიცვალა, მოკლეს, პირდაპირ შეგვიძლია, ასე ვთქვათ, ალექსანდრე თურაზაშვილი. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, დაიწყოს გამოძიება. [...] ის ასეთ დღეში ჩააგდო ვინმე თეონა ჯაფარიძემ და მისმა მძღოლმა ვინმემ ლერიმ, მაგრამ ყველანაირად ვაგებინებთ მათ პასუხს", - თქვა ელისაშვილმა ტელეკომპანია TV პირველის პირდაპირ ეთერში.
ელისაშვილის თქმით, საბურთალოს საარჩევნო კომისიის წევრმა ქართული ოცნებიდან, თეონა ჯაფარიძემ თურაზაშვილს სატელეფონო საუბრისას შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც თურაზაშვილს გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.
"ის შემოვლას ატარებდა უბნებზე, სადაც არცერთი პასუხისმგებელი პირი არ დახვედრია მას, ამიტომ ტელეფონის ნომერი გაურკვევია ამ უბნების კომისიების თავმჯდომარეების და რამდენიმესთვის დაურეკავს და მოუკითხავს, რატომ იყო უპატრონოდ მიტოვებული საბურთალოს რამდენიმე უბანი. [...]
პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენელმა საბურთალოს საარჩევნო კომისიაში, ვინმე თეონა ჯაფარიძემ, დაურეკა ალექსანდრე თურაზაშვილს და, როგორც ჩანს, ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა, იმდენად რომ ამ ზარის შემდეგ გადაურეკა შორენა ბუხრაშვილს და უთხრა, რომ მას ენით აღუწერელი შეურაცხყოფა მიაყენეს და არ იცოდა, როგორ გადაიტანდა. [...]
[სახლში დაბრუნებულს] დაემართა გულის შეტევა და გარდაიცვალა. ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა ამ ამაზრზენმა ხელისუფლებამ იგი", - თქვა ელისაშვილმა.