დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

UNIFIL-ის თქმით, IDF-ის ბულდოზერმა ლიბანში გაეროს პუნქტის საგუშაგო კოშკი და ღობე დაანგრია

ლიბანში გაეროს დროებითი ძალების (UNIFIL) ბაზა ისრაელი-ლიბანის საზღვართან, 7 აპრილი, 2023
AP

გაეროს დროებითმა ძალებმა ლიბანში (UNIFIL) განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ბულდოზერმა სამხრეთ ლიბანში გაეროს პოზიციის საგუშაგო კოშკი და პერიმეტრის ღობე დაანგრია.

"კიდევ ერთხელ, ჩვენ შევახსენებთ IDF-სა და ყველა ქმედების სუბიექტს მათ ვალდებულებას, უზრუნველყონ გაეროს თანამშრომლებისა და საკუთრების დაცულობა და უსაფრთხოება, და პატივი სცენ გაეროს დაწესებულებების ხელშეუხებლობას". - წერია UNIFIL-ის განცხადებაში.

13 ოქტომბერს ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს მოუწოდა, რომ სამხრეთ ლიბანიდან, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, სამშვიდობო ძალები დაუყოვნებლივ გაიყვანონ. მისი თქმით, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება საერთაშორისო ძალებს "ცოცხალ ფარად" იყენებს.

ნეთანიაჰუს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს დროებითი ძალების (UNIFIL) სამხედროების დაშავების შემთხვევები ხშირდება, მათი წინა თხოვნები, ჯარისკაცების გაყვანის შესახებ, არ გაითვალისწინეს.

ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებისთვის მიყენებულ დაზიანებებზე წუხს და ყველაფერს აკეთებს, რათა მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს, თუმცა აქვე დაამატა, რომ ამის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა მშვიდობისმყოფელი ძალების "სახიფათო ზონიდან" გაყვანა იქნება.

13 ოქტომბერს UNIFIL-ის ძალებმა გაავრცელეს ცნობა, რომ სამხრეთ ლიბანში მათ ბაზაზე ისრაელის თავდაცვის ძალების ორი ტანკი შევიდა და ობიექტზე განათების გამორთვა მოითხოვეს. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების საპასუხო განცხადებაში იყო ნათქვამი, ეს გადაწყვეტილება ორი დაჭრილი სამხედროს ევაკუაციის დროს მიიღეს. IDF-ში ამბობენ, რომ ტანკებს გახსნილი ცეცხლის გამო სხვა გზა არ გააჩნდათ.

ამას გარდა, UNIFIL-ის ცნობით, ბაზის მახლობლად ჩამოვარდა საბრძოლო მასალები, რომლებმაც კვამლი გამოყო, რამაც 15 სამშვიდობოს კანის გაღიზიანება და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული რეაქციები გამოიწვია. IDF-ის განცხადების მიხედვით, მათ კვამლი ევაკუაციის ფარგლებში გამოიყენეს, რათა დავალება წარმატებით შეესრულებინათ.

კომენტარები