კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ დასავლეთს საქართველოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა სურს, მოსკოვი კი თბილისის საშინაო საქმეებში არ ერევა. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
პესკოვი ასევე ირწმუნება, რომ დასავლური ქვეყნები ქართული ოცნების ხელისუფლებაზე ზეწოლას ცდილობენ.
"რაც შეეხება არჩევნებს, ეს ჩვენი საქმე არაა. ჩვენ ვხედავთ დაუფარავ მცდელობებს დასავლეთის ქვეყნებიდან, ზეწოლა მოახდინონ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებაზე და იქონიონ პირდაპირი, აშკარა გავლენა საარჩევნო კამპანიის შედეგებზე. ჩვენ არანაირი სახით არ ვერევით საქართველოს საშინაო საქმეში და არ ვაპირებთ ამის გაკეთებას." – თქვა კრემლის პრესსპიკერმა.
ამავე პრესკონფერენციაზე პესკოვმა თქვა, რომ საქართველოსა და რუსეთის ორმხრივ ურთიერთობაში არსებული სირთულეები "საზოგადოებებს შორის ჰუმანიტარული კავშირების" განვითარებას ხელს ვერ უშლის.
"საქართველო ჩვენი მეზობელია. თქვე იცით ყველა გართულების შესახებ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში, რაც ხელს ვერ უშლის ორი ქვეყნის ერების საზოგადოებებს შორის ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას. ხალხი საქართველოში ჩასვლას აგრძელებს და რუსეთშიც." – თქვა პესკოვმა.
ბოლო თვეების განმავლობაში რუსულმა ორგანოებმა და მაღალჩინოსნებმა საქართველოში 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანია წამოიწყეს.
თავდაპირველად, 9 ივლისს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში (СВР) ირწმუნებოდნენ, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს. განცხადება დიდწილად ოპოზიციისა და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. უკვე 26 აგვისტოს იგივე უწყება ირწმუნებოდა, რომ აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" ამზადებს. 11 სექტემბერს СВР-მ გაავრცელა კიდევ ერთი განცხადება, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ აშშ საქართველოს არჩევნებში ჩარევას ეუთო/ODIHR-ის დახმარებით ეცდებოდა. იგივე გაიმეორა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამაც. ამას გარდა, ოქტომბრის დასაწყისში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ დარწმუნებულია ქართველი ხალხის "სწორ და ზუსტ" არჩევანში.