Эхо Кавказа-ს ცნობით, ბაქოში მყოფმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ ცდილობს გავლენა მოახდინოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს.
მისი თქმით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (ODIHR) ოფისმა "შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თხოვნით, მოამზადა შუალედური ანგარიში, რომელიც შეიცავს თეზისს, რომ საქართველოში, სავარაუდოდ, არ არსებობს სამართლიანი და ღია არჩევნების პირობები" და რომ ეს," რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას".
"ამ ქმედების მიზანია, უხეშად და საკმაოდ თავხედურად ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში, ხელი შეუშალოს ჯანსაღი, ეროვნულზე ორიენტირებული ძალების ხელისუფლებაში კვლავ მოსვლას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხალხი აირჩევს... გააკეთებს სწორ და ზუსტ არჩევანს".- განაცხადა მან.
ნარიშკინმა ჟურნალისტებთან საუბარში ასევე ისაუბრა აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის შედეგებიც, მისი თქმით, "აბსოლუტურად შეესაბამება აზერბაიჯანელი ხალხის მისწრაფებებს" და ეუთოს წარმომადგენლები "ეცადნენ, რომ ამაში ეჭვი შეეტანათ".