საქართველო-რუსეთი

რუსეთის დაზვერვა: აშშ ეუთო/ოდირთან ერთად საქართველოს არჩევნებში ჩარევას გეგმავს

რუსეთის საგარეო დაზვერვის მტკიცებით, აშშ ეუთო/ოდირთან (ODIHR/OSCE) ერთად აპირებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას, რათა არ დაუშვას არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება. 

"ამერიკელები შეთანხმდნენ OSCE-სა და ODIHR-ის ხელმძღვანელობასთან საქართველოს მიმართულებით თანამშრომლობაზე" – წერია განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე წერია, რომ ეუთო/ოდირი არჩევნებამდე 20 დღით ადრე გამოაქვეყნებს შუალედურ ანგარიშს, რომლის დასკვნაშიც ეწერება, რომ ქვეყანაში არ არსებობს პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. არჩევნების შედეგების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ კი გავრცელდება განცხადება, რომ ელექტორალური პროცესი არ იყო დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში. 

"ვაშინგტონის გეგმა აშკარაა და უკვე აღარ არის გასაკვირი - მისცეს პროდასავლურ ოპოზიციას მასობრივი პროტესტის საფუძველი, რომლის მიზანიც ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ძალის გამოყენებით ჩაგდებაა" – აცხადებს დაზვერვის სამსახური. 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არსებულ ვითარებაში, რუსეთი გამართლებულად მიიჩნევს შეუმციროს დაფინანსება OSCE-ს, რათა რამენაირად შეასუსტოს საერთაშორისო ორგანიზაციის "დესტრუქციული" აქტივობები.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში აშშ-ს ჩარევასთან დაკავშირებით ეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პირველი განცხადება არაა. 26 აგვისტოს ისინი ამტკიცებდნენ, რომ აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" გეგმავს.

მანამდე, 9 ივლისს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში (СВР) ირწმუნებოდნენ, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს. განცხადება დიდწილად ოპოზიციისა და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.

კომენტარები