რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ცნობას იმეორებს, თითქოს ეუთო/ODIHR-ი საქართველოში საპროტესტო აქციებისთვის ნიადაგის შექმნას გეგმავს.
ზახაროვას მტკიცებით, "ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთი საშუალება წინასაარჩევნო სიტუაციასთან დაკავშირებით "შუალედური ანგარიშების" გამოქვეყნებაა". რუსეთის საგარეო უწყების სპიკერი ირწმუნება, რომ მსგავს ანგარიშები "არ ასახავს ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებას" და ასახავს "დამკვეთის მითითებულ თემას".
"როგორც ჩანს, სწორედ მსგავსი შეფასებით გეგმავს ODIHR-ი საქართველოში არჩევნების წინ სიტუაციის გამწვავებას და თუ შედეგები დასავლეთს არ მოეწონება, მაშინ ბიუროს დასკვნა შესაძლოა გახდეს პროტესტისა და შედეგების გასაჩივრების მიზეზი, რაც შესაძლოა მომდევნო ფერად რევოლუციამდე მივიდეს." – თქვა ზახაროვამ.
გასულ დღეს რუსეთის სამხედრო დაზვერვა (СВР) ირწმუნებოდა, რომ აშშ ეუთო/ოდირთან ერთად საქართველოს არჩევნებში ჩარევას გეგმავს. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ზახაროვამ თქვა, რომ "გასაკვირი არაფერია".
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში აშშ-ს ჩარევასთან დაკავშირებით ეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პირველი განცხადება არაა. 26 აგვისტოს ისინი ამტკიცებდნენ, რომ აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" გეგმავს.
მანამდე, 9 ივლისს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში (СВР) ირწმუნებოდნენ, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს. განცხადება დიდწილად ოპოზიციისა და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.





