უკრაინა-საქართველო

ერმაკი ოცნების ბანერებზე: დარწმუნებული ვარ, ეს არ ასახავს ქართველების დამოკიდებულებას

მთავარი არხი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ოცნების წინასაარჩებნო ბანერებზე საუბრისას თქვა, რომ უკრაინას არ სურს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ქართველი ხალხის ნებას პატივს სცემს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ეს ბანერები ქართველების დამოკიდებულებას არ ასახავს.

"მე ინტერნეტში ვნახე ეს ბილბორდები. სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, რადგან თქვენ არჩევნები გაქვთ წინ. ეს თქვენზეა დამოკიდებული, ვის აირჩევთ. ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის ნებას და არჩევანს. პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების პატივისცემა.

ჩვენ არასოდეს ჩავერევით სხვის შიდა საქმეებში, მაგრამ არც არავის მივცემთ ნებას, ჩვენ საქმეებში ჩაერიოს. ამიტომ მინდა ვთქვა, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იდეა არ ეკუთვნის ქართველ ხალხს და ეს ნამდვილად არ ასახავს ქართველების დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ. მჯერა, რომ ქართველი ხალხი ხედავს სიმართლეს და ამიტომ უჭერს მხარს უკრაინას რუსი აგრესორების წინააღმდეგ ბრძოლაში". - თქვა ერმაკმა ინტერვიუში [სინქრონული თარგმანი]. 

ერმაკმა ასევე თქვა, რომ არასდროს დაივიწყებენ იმას, რაც საქართველოს მოქალაქეებმა უკრაინისთვის გააკეთეს და აკეთებენ. მან ასევე გაიხსენა გარდაცვლილი ვახტანგ კიკაბიძის მხარდაჭერა უკრაინისთვის და თქვა, რომ ბოლო თვეებში ის მას და ზელენსკის ტელეფონით ურეკავდა და ამხნევებდა. 

"გულწრფელად გეუბნებით, თქვენ საამაყო შვილები გყავთ, იმიტომ, რომ ეს ადამიანები უბრალოდ კი არ ჩამოვიდნენ უკრაინაში და გვეხმარებიან სხვადასხვა საშუალებით, ისინი მართლაც ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ". - თქვა ერმაკმა [სიქნრონული თარგმანი].

26 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით ქართული ოცნების წინასაარჩევნო ახალი ბანერები გამოჩნდა.

ქვეყნის მმართველმა პარტიამ ბანერებზე რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინის, ათასობით უდანაშაულო ადამიანისა და ეკლესიების ნგრევის კადრები გამოსახა. ამასთან ერთად, ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კლიპი დაამზადა, სადაც უკრაინის დაბომბილი და განადგურებული ქალაქები ჩანს.

ამავე დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიაში უკრაინაში რუსეთის დაუდნობელი აგრესიის შედეგების ამსახველი კადრების გამოყენება დაგმო.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და მიუღებლად მიიჩნევს პოლიტიკურ რეკლამაში რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ დაუნდობელი ომის საშინელი შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სისხლის, ეკლესიებისა და კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის სურათების გამოყენებას". - წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები