მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრისას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა თქვა, რომ ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის იმეგობრებენ, ამას ვერაფერი შეცვლის და უკრაინელები არასდროს დაივიწყებენ იმას, რაც საქართველოს მოქალაქეებმა მათთვის გააკეთეს და აკეთებენ. მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაც იქნება.
"მე უბრალოდ მზად ვარ სიამოვნებით მივმართო ჩემს ძმებს, ჩემს მეგობრებს - ქართველ ხალხს და ვთქვა, რომ ჩვენ მეგობრები ვართ, ჩვენ თქვენ ძალიან გაფასებთ და ვიქნებით მეგობრები ხვალაც და ზეგაც და ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის ამას.
არასდროს დაივიწყოთ, რომ თქვენ დიდი ერი ხართ, თქვენ ძლიერი და თავისუფალი, შემოქმედი , მუსიკალური და ნიჭიერი ხალხი ხართ, ის ერი რომელიც მუდამ მზად არის სხვას დახმარების ხელი გაუწოდოს.
იცოდეთ, ის რაც გააკეთეს და აკეთებენ საქართველოს მოქალაქეები ჩვენთვის, უკრაინელებისთვის, არასდროს დავივიწყებთ. ჩვენ ეს ყოველთვის გვემახსოვრება და იცოდეთ, რომ ჩვენი გამარჯვება თქვენი გამარჯვებაც იქნება, რადგან ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა დავნებდეთ არასდროს, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვიყოთ ყოველთვის გულახდილები, არავის არ უნდა შევუშინდეთ და ყოველთვის უნდა გვჯეროდეს, რომ სიკეთე, რწმენა, თავისუფლება ყოველთვის გაიმარჯვებს, რაც არ უნდა რთული იყოს დღეს, რადგან ყველაზე რთული, ყველაზე ბნელი ღამე ხომ ყოველთვის განთიადის წინ არის. ჩვენ გავიმარჯვებთ!" - თქვა ერმაკმა ინტერვიუში [სინქრონული თარგმანი]
ერმაკმა ასევე თქვა, რომ მრავალი ქართველი მეგობარი ჰყავს, საქართველოში ხშირად ყოფილა და პირადად იცის უკრაინელებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების შესახებ. მისივე თქმით, აგვისტოს ომის დღეებში საქართველოში იმყოფებოდა.
"პირადად ვიცი, რა ურთიერთობებია ჩვენს ხალხებს შორის, ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა, ბევრჯერ ვარ ნამყოფი.
ბევრი მეგობარი მყავს და ვიცი, როგორი თბილი, ამაყი, მართლაც ძალიან ლამაზი, გულწრფელი და თავისუფლების, დამოუკიდებლობის მოყვარული ხალხი, დიდი ერია.
რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხებს ერთნაირი ფასეულობები და ბრძოლის სულისკვეთება აერთიანებს. ეს მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი.
საქართველოში ვიყავი იმ დღეებში, როცა რუსული ტანკები თბილისთან იდგნენ, მე ვიცი, რას გრძნობდით თქვენ მაშინ და ახლა ძალიან კარგად მესმის, რატომ გრძნობენ ქართველები ასე სიღრმისეულად იმ ტკივილს, რომელსაც ჩვენ დღეს განვიცდით". - თქვა ერმაკმა ინტერვიუში [სინქრონული თარგმანი]
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოსთან თავის პირად კავშირებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის ყაზბეგში მოინათლა, მისი ერთ-ერთი ნათლია
"ძალიან ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, მაქვს პერსონალური კავშირები საქართველოსთან, შემიძლია ჩემი პირადი ამბავი გაგიმხილოთ. ეს საიდუმლო არ არის, მაგრამ ძალიან პირადულია.
მე საქართველოში მოვინათლე, ყაზბეგში, მაშინ 33 წლის ვიყავი. ეს აბსოლუტურად შემთხვევით მოხდა. ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო ჩემთვის. ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი არასდროს დამავიწყდება.
ბევრი რამ მაკავშირებს თქვენ ქვეყანასთან და ჩემთვის არ არის შემთხვევითი, რომ ჩემი ნათლობა თქვენს ქვეყანაში მოხდა.
სამწუხაროდ, დრო თითქმის არ არის, მაგრამ მე მაინც დღემდე ვიღებ შეტყობინებებს, მოკითხვებს, ომის დაწყებისას კი ეს ხდებოდა ფაქტობრივად ყოველდღე - მოკითხვები ჩემი მეგობრებისგან, რომლებიც ხანდახან მწერენ უბრალოდ ორ სიტყვას იმის შესახებ, რომ "ჩვენ თქვენთან ვართ", 'ჩვენ თქვენ ძალიან გიჭერთ მხარს"". - თქვა ერმკამა ინტერვიუში [სინქრონული თარგმანი]