უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ამბობს, რომ უკრაინას საქართველოსთან საკომუნიკაციო არხები არასდროს ჩაუკეტია, თუმცა ურთიერთობების სრულფასოვნად აღსადგენად ელის, რომ ოფიციალური თბილისი რუსულ აგრესიას დაგმობს
ამის შესახებ მან მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ საუბრისას თქვა.
"ჩვენ არასდროს არ ჩაგვიკეტია ეს არხები (საკომუნიკაციო არხები) და არასდროს არ გვითქვამს, რომ ვსვამთ წერტილს. ჩვენ გახსნილები ვართ, მაგრამ იმისთვის, რომ აღვადგინოთ ის ურთიერთობები, რომლებიც უნდა იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენ ველით, რომ უნდა მოხდეს აბსოლუტურად სამართლიანი შეფასება იმისა, რაც ხდება. ჩვენ ველით, რომ ოფიციალურმა თბილისმა დაგმოს რუსული აგრესია". - თქვა ერმაკმა ინტერვიუში [სინქრონული თარგმანი].
ერმაკის თქმით, ისინი შეხვდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, თუმცა უკრაინასა და საქართველოს მთავრობებს შორის ოფიციალურ დონეზე ამ დიალოგის მსგავსი, ისეთი საუბარი, "როგორიც უნდა იყოს" არ არსებობს.
"ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს პრეზიდენტს, ის შვეიცარიაში იყო მშვიდობის სამიტზე.
მთავრობის დონეზე ასეთი საუბარი პრაქტიკულად არ არის, სამწუხაროდ. ჩვენ სადღაც ვხედავთ ქართულ დელეგაციებს, ბოლოს ვნახეთ გენერალურ ასამბლეაში, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი საუბარი, როგორიც უნდა იყოს, არ არის...". - თქვა ერმაკმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან რუსული აგრესიის დაგმობა გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც არ ყოფილა. ერმაკის თქმით, რუსეთის მიერ ბავშვების ონკოლოგიური კლინიკის დაბომვბის შემდეგ დუმილი შემზარავია და "სცდება ყველანაირ ფარგლებს".
"სამწუხაროდ, საქართველოს ოფიციალური პირების გამოსვლებში ჩვენ ვერ გავიგეთ რუსული აგრესიის დაგმობის სიტყვები, სიტყვები იმის შესახებ, რომ ის რაც დღეს ხდება, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს და ეს უნდა იქნას შეჩერებული. ასეთი დაგმობა არ მოგვისმენია ბავშვების კლინიკის დაბომბვის შემდეგ, სადაც ონკოლოგიური პაციენტები იყვნენ, ამ და სხვა ბევრი შემზარავი ფაქტის შემდეგ დუმილი?.. დუმილი გაუგებარია, მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე სცდება ყველანაირ ფარგლებს.
არადა, საქართველოსთვის აბსოლუტურად გასაგებია, რაც ხდება ჩვენთან, ეს ხომ თქვენ ჩვენზე ადრე გამოიარეთ. თქვენც გაქვთ ოკუპირებული ტერიტორიები. ისინი თავისთავად არ გათავისუფლდება, ამაზე თქვენ უნდა იზრუნოთ. " - თქვა ერმაკმა ინტერვიუში [სინქრონული თარგმანი].
ერმაკმა ასევე რუსეთისთვის სანქციებისთვის თავის არიდებაში დახმარება და საქართველოში მიმავალი რუსების დიდი რაოდენობა ახსენა.
"რუსეთი დღესაც კლავს უკრაინელებს. ამიტომ დღეს რუსეთის მხარეს გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ეხმარება მათ სანქციებისთვის თავის არიდებაში გაუგებარია, მაშინ როდესაც მთელს ევროპაში აუქმებენ რეისებს, რუსეთისთვის ხურავენ საჰაერო სივრცეს - რუსების დიდი ნაკადი ჩამოდის საქართველოში...". - თქვა ერმაკმა ინტერვიუში [სინქრონული თარგმანი].
წამყანის კითხვაზე საპასუხოდ, ერმაკმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია მათი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა არა მხოლოდ სიტყვების, არამედ ქმედებების დონეზეც, რასაც ოფიციალური თბილისისგან ელიან. მისივე თქმით, მოხარულები იქნებიან, თუ ურთიერთობები "ისეთი იქნება, როგორიც უნდა იყოს".
"ბევრჯერ ვთქვი და კიდე გავიმეორებ - უკრაინა არასდოს არ ერეოდა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და არ გააკეთებს ამას ეს ჩვენი პრინციპია, მაგრამ ჩვენთვის ასევე პრინციპულია ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენტიეტის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა და მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს მხოლოდ სიტყვები, მნიშვნელოვანია, რომ ეს გამყარებული იყოს საქმეებით, ქმედებებით, ჩვენ ამას ველით.
არ ჩავკეტილვართ, ჩვენ ძალიან მოხარული ვიქნებით, თუკი ეს ურთიერთობები სწორედ ისეთი იქნება, როგორიც უნდა იყოს". - თქვა ერმაკმა. [სინქრონული თარგმანი]