არჩევნები 2024

ზურაბიშვილი ქართულ ქარტიაზე: ვინც ყველაფერს არ ეთანხმება, შეუძლია ხელმოწერა უკან წაიღოს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული ქარტიის ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ დოკუმენტის არა მხოლოდ "სულისკვეთების", არამედ "მისი ყოველი სიტყვის" მიმართ ერთგულება დაადასტურონ. მისივე თქმით, პარტიებს შეუძლიათ თავიანთი ხელმოწერა უკან წაიღონ. 

"დღეს არის სხვადასხვა ინტერპრეტაციები. მგონი, დრო არის, რომ პარტიებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად არიან ბოლომდე ამ ქარტიის არა მხოლოდ სულისკვეთების ერთგულნი, არამედ მისი ყოველი სიტყვის იმიტომ, რომ ეს არის ისეთი დოკუმენტი, სადაც არ შეიძლება მერე იყოს გაუგებრობა. [...]

მე ველოდები, რომ პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან, თუ არა, ვინც არ ეთანხმება, შეუძლიათ წაიღონ უკან ხელმოწერა.". - თქვა ზურაბიშვილმა. 

ზურაბიშვილი ქართულ ქარტიაში მოცემული ტექნიკური მთავრობის პუნქტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთნდობის ჩამოყალიბებამდე "საჭირო არის ძალიან გარკვეული იყოს, ვინ დგას ბოლომდე ერთგულად ამ ქარტიის უკან". 

"საჭირო არის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, როცა ხმას მისცემს, რომელ პარტიას აძლევს ხმას და რომელი პარტია არის სრულიად თანმიმდევრულად ბოლომდე ამ ქარტიის უკან". - თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ტექნიკურ მთავრობის წევრებს არჩევნებამდე წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა. 

"გადავწყვიტე, თქვენს წინაშე და ამ დღეს წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია, რომლის ირგვლივაც პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას, თანხმობასა და პირობის დადებას ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის". - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები