ნობელის პრემია 2024

მედიცინაში ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო, მათ მიკრო-რნმ აღმოაჩინეს

Nobel Prize Outreach

ორმა მეცნიერმა, ვიქტორ ამბროსმა და გერი რუვკუნმა მიკრო-რნმ-ის აღმოჩენისთვისა და გენების ექსპრესიის რეგულირებაში მისი ფუნქციის გარკვევისთვის ფიზიოლოგიასა და მედიცინაში 2024 წლის ნობელის პრემია მიიღო.

ნობელის პრემიის კომიტეტის თქმით, ბიოლოგების გარდამტეხმა აღმოჩენამ "გენების რეგულაციის სრულიად ახალი განზომილება გამოავლინა".

მიკრო-რნმ პატარა, 21-25 ნუკლეოტიდისგან შემდგარი არამაკოდირებელი რნმ-მოლეკულაა, რომელიც გენების პოსტტრანსკრიფციული ექსპრესიის რეგულირებაში მთავარ როლს ასრულებს.

"მათ მიკრო-რნმ აღმოაჩინეს, ძალიან პატარა რნმ-მოლეკულების ახალი კლასი, რომელიც გენების რეგულაციაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მათმა გარდამტეხმა აღმოჩენამ გენების რეგულაციის სრულიად ახალი პრინციპი გამოავლინა, რომელიც მრავალუჯრედიანი ორგანიზმებისთვის, მათ შორის ადამიანებისთვის, აუცილებელი აღმოჩნდა. [...] დროთა განმავლობაში ვიგებთ, რომ მიკრო-რნმ-ები ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ორგანიზმების განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის". - წერს ნობელის პრიზის კომიტეტი.

კომიტეტის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გენების ექსპრესიის რეგულირების მექანიზმის ცოდნა რიგი დაავადებების, მაგალითად კიბოსა და დიაბეტის, უკეთ გაგებისთვისაც არის მნიშვნელოვანი.

ნობელის პრემიის კომიტეტი ასევე წერს, რომ მიკრო-რნმ-ის მუშაობის დარღვევამ შეიძლება კიბოს შეუწყოს ხელი, მის წარმოქმნასთან დაკავშირებული გენების მუტაციებმა კი ადამიანებში სმენადაქვეითება, თვალისა და ჩონჩხის დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს.

რუვკუნმა და ამბროსმა მიკრო-რნმ და მისი მნიშვნელოვანი ფუნქცია 1980-იანებში ჭია C. elegans-ის მუტირებული გენების კვლევისას აღმოაჩინეს. C. elegans-ის მცირე ზომის მიუხედავად, მას მრავალი სპეციალიზებული ტიპის უჯრედები აქვს, რაც გენების ექსპრესიის რეგულირების მექანიზმის კვლევისთვის კარგ საგანს ხდის.

ბიოლოგებმა დაადგინეს, რომ C. elegans-ის გენი lin-4 გენ lin-14-ს თრგუნავს. როგორც შემდგომ გაირკვა, დამთრგუნველი გენი ამისთვის ძალიან პატარა რნმ-მოლეკულას წარმოქმნის, რომელსაც ცილის წარმოქმნისთვის მონაკვეთი არ აქვს.

მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ გენის დათრგუნვა არა ინფორმაციული რნმ-ს წარმოების შეჩერებით, არამედ პოსტტრანსკრიფციულ ფაზაში ცილების წარმოების შეფერხებით ხერხდებოდა. გენი lin-4-ის მიერ წარმოქმნილი მიკრო-რნმ lin-14-ის ინფორმაციულ რნმ-ში კომპლემენტარულ მონაკვეთს უკავშირდებოდა და ამით lin-14-ის ცილის სინთეზს აჩერებდა.

ახლად აღმოჩენილი ტიპის მოლეკულებს ბიოლოგებმა მიკრო-რნმ უწოდეს.

თავდაპირველად, რუვკუნისა და ამბროსის აღმოჩენას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია - მეცნიერულმა საზოგადოებამ გენების ექსპრესიის რეგულირების ეს უჩვეულო მექანიზმი C. elegans-ის თავისებურებად მიიჩნია, რაც უფრო რთული ორგანიზმებისთვისა და ადამიანებისთვის, სავარაუდოდ, არარელევანტური უნდა ყოფილიყო.

თუმცა, 2000 წელს რუვკუნის კვლევითმა ჯგუფმა სხვა მიკრო-რნმ, let-7, აღმოაჩინა, რომელიც ცხოველთა სამეფოში, მათ შორის ადამიანებშიც, არის გავრცელებული. მომდევნო წლებში მიკრო-რნმ-ით ფართო მეცნიერული საზოგადოება დაინტერესდა და ასობით ახალი მიკრო-რნმ-ის შესახებ გახდა ცნობილი.

"დღეს, ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებში ასობით სხვადასხვა მიკრო-რნმ-ისთვის ათასზე მეტი გენია და რომ მიკრო-რნმ-ით გენების რეგულირება მრავალუჯრედიან ორგანიზმებში უნივერსალურია". - წერს ნობელის პრემიის კომიტეტი.

პრემია რუვკუნსა და ამბროსს 11 მილიონ შვედურ კრონას გადასცემს.

კომენტარები