2024 წლის ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის გამარჯვებულები თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის პიონერები, ჯონ ჰოპფილდი და ჯეფრი ჰინტონი გახდნენ. მეცნიერებს ჯილდო მანქანურ სწავლებაში ხელოვნური ნეირონული ქსელების გამოსაყენებლად საჭირო აღმოჩენებისთვის გადაეცათ.
ხელოვნური ნეირონული ქსელები საფუძვლად უდევს თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტს და მის მრავალრიცხოვან გამოყენებებს. ტვინის მსგავსად, ხელოვნური ნეირონული ქსელიც ერთგვარი "ნეირონებისგან" შედგება, რომლებიც სხვადასხვა კონფიგურაციით უკავშირდებიან ერთმანეთს. ცალკეულ ნეირონს მნიშვნელოვანი ფუნქცია არ გააჩნია, მაგრამ მათი ურთიერთკავშირები (სინაფსები) კომპიუტერს რთული ინფორმაციის დამუშავების საშუალებას აძლევს.
მეცნიერებს ჯილდო ჰანს ელეგრენმა, შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის გენერალურმა მდივანმა, სამშაბათს სტოკჰოლმში გადასცა.
ჰოპფილდი, პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევარი, 1982 წელს გახდა ცნობილი ისეთი სისტემის შექმნით, რომელიც იმიტირებს ადამიანის ასოციაციურ მეხსიერებას, რაც შესაძლებელს ხდის სურათებისა და სხვა ტიპის მონაცემების ნიმუშების შენახვასა და რეკონსტრუქციას. დღეს ეს სისტემა ცნობილია, როგორც "ჰოპფილდის ქსელი" და გამოსახულებების ამოსაცნობად, შეცდომების გამოსასწორებლად და კომპიუტერულ მეცნიერებაში ფუნქციების ოპტიმიზაციისთვის გამოიყენება.
ჰინტონმა ჰოპფილდის ქსელზე დაყრდნობით შეიმუშავა უკუგატარების (backpropagation) ალგორითმი, რომელიც ღრმა ნეირონულ ქსელებს (deep neural networks) დასწავლის საშუალებას აძლევს. უკუგატარების ალგორითმმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ისეთ ამოცანებზე, როგორიცაა სურათების და ხმის ამოცნობა და ნეირონულ ქსელს მაგალითების მიხედვით კანონზომიერების დასწავლის უნარი შესძინა. უკუგატარების შემუშავებამდე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საკმაოდ შეზღუდული იყო. ჰოპფილდი და ჰინტონი თავიანთ აღმოჩენებში ფიზიკის მეთოდებს, განსაკუთრებით კი სტატისტიკურ მექანიკას დაეყრდნენ.
"ლაურეატების აღმოჩენებმა და გამოგონებებმა უკვე მოუტანეს ფიზიკას უდიდესი სარგებელი, ჩვენ ხელოვნურ ნერვულ ქსელებს უკვე ვიყენებთ სხვადასხვა სფეროებში, მაგალითად, კონკრეტული თვისებების მასალების შექმნაში, სახის ამოცნობის ტექნოლოგიებში და თარგმნაში. ეს აღმოჩენები ადამიანებს უფრო სწრაფი და საიმედო გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, მაგალითად, დაავადებათა დიაგნოსტიკისთვის". - თქვა ნობელის ფიზიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელენ მუნსმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ჰინტონმა თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე მიღწეული წინსვლა "შეედრება ინდუსტრიულ რევოლუციას, მაგრამ ადამიანებს არა ფიზიკური, არამედ ინტელექტუალური შესაძლებლობებით გადააჭარბებს".
ამავე დროს, ჰინტონი სიფრთხილით ეკიდება ხელოვნური ინტელექტის პროგრესსდა ბოლო დროს ხშირად საუბრობს, რომ ხელოვნური ინტელექტის უკონტროლო განვითარებას კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. 2023 წელს მან დატოვა Google-ი და აღნიშნა, რომ საჭიროა უფრო მეტი ყურადღება მიექცეს AI-ს უსაფრთხოებასა და ეთიკას. ჰინტონის მოსაზრებებს ხელოვნური ინტელექტის რისკებზე გადაჭარბებულად მიიჩნევს არაერთი მკვლევარი. მაგალითად, თანამედროვე AI-ს ერთ-ერთი პიონერი და Meta-ს ხელოვნური ინტელექტის მეცნიერი იენ ლეკუნი ჰინტონის პროგნოზებს "აბსურდულს" უწოდებს.





