არჩევნები 2024

კუპრაშვილი: ყველა მტყუანია და მე მართალი

რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური გაცხადებულ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადდა. კუპრაშვილი ამ ფაქტს კანონის უზენაესობას უწოდებს.

"ის, რომ ამ გადაწყვეტილებას რეპრესიულს ეძახით, ცოტა გასაკვირია [...] ქალბატონი ეკა გიგაურის განცხადებას მოვუსმინე და მიმაჩნია, რომ ეს არის სამართლის უზენაესობის პრინციპებზე თავდასხმა [...] იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რასაც ანტიკორუფციული ბიურო იღებს, არგუმენტები არ არსებობს და შესაბამისად, ახლა აირჩიეს გზა, რომელიც არის კანონის უზენაესობაზე თავდასხმა. ეს არც ევროპული და არც დასავლური სტანდარტია. მთავარი პრინციპი კანონის უზენაესობაა, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს". - თქვა კუპრაშვილმა.

TV პირველის ჟურნალისტმა კუპრაშვილს უთხრა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებების გამო, მას და მის ორგანიზაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და აშშ აკრიტიკებენ და ჰკითხა, "ამ შემთხვევაში, ყველა მტყუანია და თქვენ მართალი?" - რაზეც, კუპრაშვილმა უპასუხა - "დიახ, ყველა მტყუანია და მე ვარ მართალი".

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებმა და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ღრმა შეშფოთებას გამოხატეს იმის გამო, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო იძულებულია შეწყვიტოს საარჩევნო ოპერაცია" და საერთო ანცხადება გაავრცელეს.

24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად დაასახელა და 5 დღის ვადაში, ბიუროსთვის ფინანსური ანგარიშების წარდგენა დააკისრა.

კომენტარები