არჩევნები 2024

გახარია ივანიშვილზე: მხოლოდ 3 კითხვაზე პასუხების გაცემის შემდეგ შეუძლია მშვიდობაზე საუბარი

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიას ეხმიანება და ამბობს, რომ გაურკვეველია, ვისთვის ითხოვს საქართველოს მოქალაქეებისგან ბოდიშის მოხდას ბიძინა ივანიშვილი.

მისი თქმით, დაუშვებელია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე კულუარული გადაწყვეტილებების მიღება და აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებს ინფორმაცია მიეწოდოთ. ამისთვის, გახარიას აზრით, ბიძინა ივანიშვილმა სამ შეკითხვას უნდა უპასუხოს.

"რამდენიმე კვირაა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი დაჟინებით ითხოვს საქართველოს მოქალაქეებისგან ბოდიშის მოხდას, გაურკვეველია საერთოდ ვისთვის და ამავე დროს, ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას, მომავალში, არჩევნების შემდგომ შესაძლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. სინამდვილეში არაფერს არ გვიხსნის, არაფერს არ  გვეუბნება, როგორ აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ან რა გეგმა აქვს, იქნებ ვეთანხმებით.

ამ დროს,  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროდან მკაფიოდ და ღიად აფიქსირებს საკუთარი ქვეყნის პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაციისთვის  არაფერი არ შეცვლილა - ისინი არ აპირებენ არც ჯარის გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან და არც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაწვევას.

მსგავს პირობებში,  ხელისუფლება, რომელიც თავს ასაღებს წინასაარჩევნოდ  ქვეყნის სუვერენიტეტის, ტრადიციებისა და ქვეყნის ერთიანობის დამცველად, ამ ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი არც გამოსულა და როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაარღვია ქვეყნის სუვერენიტეტი თავისი განცხადებებით, არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. სანაცვლოდ, მუნიციპალური დონის ვითომ პოლიტიკოსები რაღაცებს აქედან პასუხობენ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ყველაზე დიდი ამოცანა, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად და დაუშვებელია მსგავსი საკითხები, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, კულუარულად, დახურულ ოთახში დალაგება და საქართველოს მოქალაქეებისთვის არანაირი ინფორმაციის მიწოდება!

ჩვენთვის გასაგებია, რომ ივანიშვილს დებატებ ეშინია და გაურბის. თუმცა, მოვუწოდებ, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით მაინც სცეს პატივი საქართველოს მოქალაქეებს  და განუმარტოს - თუ არ შეუძლია დებატებში, მაშინ მაგალითად 15 ოქტომბერს, როცა იქნება  ზუგდიდში  - მაშინ, როცა მოითხოვს საქართველოს მოქალაქეებისგან ბოდიშის მოხდას, ან საქართველოს მოქალაქეებისგან მოითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას, მათ მაინც გასცეს პასუხი შემდეგ კითხვებზე:  

  1. რა ფორმით და რა პირობებით ფიქრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მაშინ, როცა  არც რუსეთის და არც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმების პოზიციები არ შეცვლილა ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის უკან გაწვევის და საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ.
  2. რა ტიპის სახელმწიფო მოწყობისთვის და რა ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას?
  3. დასავლეთთან დაპირისპირების და როგორც შედეგის - საქართველოს იზოლაციის, ასევე, დღევანდელი ხელისუფლების შეცვლილი პოზიციის და ომის დაწყების საკუთარ ქვეყანაზე დაბრალების პირობებში, ემუქრება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას და როგორ აპირებს არაღიარების პოლიტიკის დაცვას?

მხოლოდ ამ კითხვებზე საჯარო პასუხების გაცემის შემთხვევაში შეუძლია ივანიშვილს ისაუბროს მშვიდობაზე, სუვერენიტეტის დაცვაზე და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებაზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მსგავსი საკითხი გამოყენებული წინასაარჩევნოდ, იქნება შეფასებული, როგორც მორიგი ტყუილის მცდელობა და რაც ყველაზე დიდი საფრთხეა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის საბოლოოდ განადგურება!" - თქვა გახარიამ.

28 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი მზად არის, მხარეების დაინტერესების შემთხვევაში საქართველოს "მეზობლებთან", "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნებთან" შერიგებაში დაეხმაროს.

კახა კალაძემ 29 სექტემბერს თქვა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებთან" შერიგებაში დახმარებასთან დაკავშირებით პოზიტიურად აფასებს.

მანამდე, 14 სექტემბერს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად", რადგან "მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები."

მოგვიანებით, ეს განცხადება კრემლის პროპაგანდისტმა, RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა შეაქო

"საქართველო განსაცვიფრებლად ადეკვატურად იქცევა, თითქოს მრავალწლიანი გადაბმული სმიდან (ორიგინალში - запой) ან ფსიქოზიდან გამოვიდა. თბილად მივესალმებით, ზოგადად!". - წერს სიმონიანი. 

კომენტარები