სოხუმის დაცემის დღე

უკრაინის საელჩო სოხუმზე: გმირები არ კვდებიან, სანამ მათი ხსოვნა ცოცხალია, უკრაინას ახსოვს!

უკრაინის საელჩო საქართველოში/Facebook

დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღის 31 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ტატიანა კოლოტილოვამ და უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშატის წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალთან გვირგვინი მიიტანეს და აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს. 

"27 სექტემბერს (სოხუმის დაცემის დღეს) საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ტ. კოლოტილოვამ და უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშატის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 1992-1993 წლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ ღონისძიებებში. მოძმე ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებმაც იბრძოლეს. მემორიალის მარმარილოს ფილებზე ამოტვიფრულია იმ უკრაინელების სახელები, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ქართულ მიწაზე და ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირეს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

გმირები არ კვდებიან, სანამ მათი ხსოვნა ცოცხალია.

უკრაინას ახსოვს!". - წერია უკრაინის საელჩოს განცხადებაში. 

სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. სახელმწიფო შენობებზე ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დროშები დაეშვა.

აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 1993 წლის 16 სექტემბერს, სეპარატისტებმა 27 ივლისის სამშვიდობო შეთანხმება დაარღვიეს და სოხუმის შტურმი დაიწყეს. შეთანხმების თანახმად, რომლის შესრულების გარანტი რუსეთის ფედერაცია იყო, ქართულმა ძალებმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკა და არტილერია გაიყვანეს. შესაბამისად, შეტევას ქალაქი დაუცველი შეხვდა.

საბრძოლო მოქმედებების მთელი პერიოდის განმავლობაში, სეპარატისტებს დახმარებას უწევდა რუსული სამხედრო ავიაცია, ინსტრუქტორები და სპეცრაზმის ცალკეული ქვედანაყოფები. სეპარატისტ მებრძოლთა რიგებში დიდი რაოდენობით იბრძოდნენ რუსეთის მოქალაქეები, დაქირავებულებისა და მოხალისეების სახით.

27 სექტემბერს, საქართველოს ძალები იძულებულნი გახდნენ, ქალაქი დაეტოვებინათ. სეპარატისტებმა და მათმა დამხმარე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შტურმით აიღეს აფხაზეთის მთავრობის შენობა და ტყვედ აიყვანეს მთავრობის წევრები. მათი ნაწილი, მათ შორის მთავრობის თავმჯდომარე, ჟიული შარტავა,  დახვრიტეს.

კომენტარები