სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩომ და ვოლტერ რიდის არმიის კვლევითმა ინსტიტუტმა გმირთა მემორიალთან გვირგვინი მიიტანა და აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
"დღეს სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა, თუმცა ამ დამამუნჯებელი ტრაგედიის ხსოვნას დღემდე ცხადად ატარებს საქართველოს ათასობით მოქალაქე. მათ მსხვერპლსა და თავდადებას თქვენთან ერთად მივაგებთ პატივს". - წერს აშშ-ს საელჩო.
სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. სახელმწიფო შენობებზე ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დროშები დაეშვა.
აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 1993 წლის 16 სექტემბერს, სეპარატისტებმა 27 ივლისის სამშვიდობო შეთანხმება დაარღვიეს და სოხუმის შტურმი დაიწყეს. შეთანხმების თანახმად, რომლის შესრულების გარანტი რუსეთის ფედერაცია იყო, ქართულმა ძალებმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკა და არტილერია გაიყვანეს. შესაბამისად, შეტევას ქალაქი დაუცველი შეხვდა.
საბრძოლო მოქმედებების მთელი პერიოდის განმავლობაში, სეპარატისტებს დახმარებას უწევდა რუსული სამხედრო ავიაცია, ინსტრუქტორები და სპეცრაზმის ცალკეული ქვედანაყოფები. სეპარატისტ მებრძოლთა რიგებში დიდი რაოდენობით იბრძოდნენ რუსეთის მოქალაქეები, დაქირავებულებისა და მოხალისეების სახით.
27 სექტემბერს, საქართველოს ძალები იძულებულნი გახდნენ, ქალაქი დაეტოვებინათ. სეპარატისტებმა და მათმა დამხმარე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შტურმით აიღეს აფხაზეთის მთავრობის შენობა და ტყვედ აიყვანეს მთავრობის წევრები. მათი ნაწილი, მათ შორისმთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა დახვრიტეს.





