სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. სახელმწიფო შენობებზე ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დროშები დაეშვა.
აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 1993 წლის 16 სექტემბერს, სეპარატისტებმა 27 ივლისის სამშვიდობო შეთანხმება დაარღვიეს და სოხუმის შტურმი დაიწყეს. შეთანხმების თანახმად, რომლის შესრულების გარანტი რუსეთის ფედერაცია იყო, ქართულმა ძალებმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკა და არტილერია გაიყვანეს. შესაბამისად, შეტევას ქალაქი დაუცველი შეხვდა.
საბრძოლო მოქმედებების მთელი პერიოდის განმავლობაში, სეპარატისტებს დახმარებას უწევდა რუსული სამხედრო ავიაცია, ინსტრუქტორები და სპეცრაზმის ცალკეული ქვედანაყოფები. სეპარატისტ მებრძოლთა რიგებში დიდი რაოდენობით იბრძოდნენ რუსეთის მოქალაქეები, დაქირავებულებისა და მოხალისეების სახით.
27 სექტემბერს, საქართველოს ძალები იძულებულნი გახდნენ, ქალაქი დაეტოვებინათ. სეპარატისტებმა და მათმა დამხმარე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შტურმით აიღეს აფხაზეთის მთავრობის შენობა და ტყვედ აიყვანეს მთავრობის წევრები. მათი ნაწილი, მათ შორის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა დახვრიტეს.
სოხუმის დაცემის მოლოდინში მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილმა ქალაქი საზღვაო გზით დატოვა, ძირითადი ნაწილი კი კოდორის ხეობის მიმართულებით დაიძრა, სადაც ასეულობით დევნილი სიცივითა და შიმშილით დაიღუპა.
სეპარატისტებმა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი 30 სექტემბერს დაამყარეს.
ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთის ომში 5 738 მშვიდობიანი ქართველი დაიღუპა, მათ შორის 800 ქალი და 50 ბავშვი. 300 000-მდე ქართველი იძულებული გახდა, საკუთარი სახლიდან გამოქცეულიყო. იმის გამო, რომ საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მონაცემების შესაგროვებლად უკიდურესად შეზღუდული რესურსი ჰქონდათ, სავარაუდოდ, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ოფიციალურ რიცხვებს მნიშვნელოვნად აღემატება.
აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ფაქტი აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა და გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციების მიუხედავად, კონფლიქტი ისევ მოუგვარებლად რჩება. ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი დღემდე უარს აცხადებს დევნილების დაბრუნებაზე.
სოხუმის აღების დღეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა უმასპინძლებს დოკუმენტური ფილმის ჩვენებას და დისკუსიას - "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, რომელიც რუსეთის სამხედრო დანაშაულებსა და ქართველების მიმართ ჩადენილ გენოციდს შეეხება.
ღონისძიებას გახსნიან საფრანგეთის ყოფილი და ახალი ევროპის მინისტრები ნატალი ლუაზო და ბენ ჰადადი. ფილმის ჩვენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს პარტია ფედერალისტების ლიდერი გიგა ბოკერია.
ღონისძიებას დაესწრებიან საფრანგეთის პოლიტიკური საზოგადოების წარმომადგენლები, დიპლომატები, ჟურნალისტები და საქართველოთი დაინტერესებული პირები.
დოკუმენტური ფილმი „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ 1992-1993 წლებში აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ორგანიზებული გენოციდის მტკიცებულებებს და დევნილთა ისტორიებს შეეხება.
საფრანგეთის პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიება ნაწილია კამპანიისა ბუჩამდე იყო აფხაზეთი, რომელიც თითქმის სამი წელია მიმდინარეობს აფხაზთა კრების, თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულასა და პარტია ფედერალისტების ორგანიზებით. კამპანიის მიზანია, გაფართოვდეს საერთაშორისო და შიდა კონსენსუსი რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რომელთა ხასიათი და მასშტაბი გენოციდს უტოლდება.