საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციის მიუხედავად ისევ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
"მე არ ვიცი, რას გააკეთებს ან არ გააკეთებს ამერიკის ადმინისტრაცია. ნება მომეცით აღვნიშნო, რომ ამჟამად ევროკავშირისგან უკრაინის სამხედრო, სამოქალაქო, ეკონომიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება აშშ-ს დახმარებაზე დიდია.
ჩვენ გავეცით 100 მილიარდ ევროზე მეტი, აქედან 45 მილიარდი ევრო სამხედრო მხარდაჭერაა. რა თქმა უნდა, ეს ნაკლებია ვიდრე შეერთებული შტატებისგან, თუმცა ეს მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი რიცხვია". - თქვა ბორელმა გამოსვლისას.
ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ ომის დაწყებისას არავინ მოელოდა უკრაინისგან ასეთ წინააღმდეგობას იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი სამხედრო ხარჯებით მსოფლიოში მეოთხე, უკრაინა კი 35-ე ადგილზე იყო.
"რა თქმა უნდა, განსხვავება რუსეთისა და უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებს შორის წარმოუდგენელი იყო. ის ფაქტი, რომ უკრაინამ რუსეთს ასეთი წინააღმდეგობა გაუწია, თავის დროზე სასწაული იყო. გახსოვთ რას ვთავაზობდით დასაწყისში უკრაინას? ჩაფხუტებს! ახლა ჩვენ ვთავაზობთ F-16-ს, ამაში არის გარკვეული განსხვავება.
ერთი რამ ჩემთვის სრულიად ნათელია, მანამ, სანამ უკრაინა გაუწევს რუსეთს წინააღმდეგობას, ჩვენ მას გვერდით უნდა ვედგეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ისტორიულ შეცდომას დავუშვებთ." - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.





