ირანის ახალი პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი ისრაელს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებაში სდებს ბრალს.
23 სექტემბერს, აშშ-ში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს, მედიასთან საუბრისას ფეზეშქიანმა თქვა, რომ ისრაელი ცდილობს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებას და ირანის ომში ჩასათრევად "მახეებს" აგებს.
"ისინი [ისრაელი] ცდილობენ ჩვენს ჩათრევას იქ, სადაც ჩასვლა არ გვინდა. ომში გამარჯვებული არ არსებობს, ამის დაჯერებით ჩვენ მხოლოდ თავს მოვიტყუებთ". - თქვა ფეზეშქიანმა.
ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრების დროს, მრგვალ მაგიდასთან ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომისგან სარგებელს ვერავინ მიიღებს და თუ ვინმე საპირისპიროს ამტკიცებს, უბრალოდ თავს იტყუებს:
"ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო მასშტაბური კონფლიქტის გაჩაღება მსოფლიოში სარგებელს არავის მოუტანს. მხოლოდ ისრაელს უნდა ამ კონფლიქტის გამწვავება" - თქვა მან.
ფეზეშქიანმა ახსენა გასულ კვირას ლიბანში ელექტრონული მოწყობილობების აფეთქება და ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა, რაშიც ღიად დაადანაშაულა ისრაელი.
- ირანის ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰანიას სიკვდილზე: პასუხი მტკივნეული იქნება
- როგორ აფეთქდა პეიჯერები, რის შედეგადაც ჰეზბოლას 8 ტერორისტი დაიღუპა, ათასობით კი დაიჭრა
დასმულ კითხვას, მიიღებს თუ არა პირდაპირ საპასუხო ზომებს ირანი ისრაელის წინააღმდეგ, ფეზეშქიანმა არ უპასუხა.
ფეზეშქიანი ასევე შეეხო ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკებებსაც, მისი თქმით, ირანი მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადაა. ფეზეშქიანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის გვერდით იჯდა. არაღჩიმ ცოტა ხნით ადრე თავის Telegram გვერდზე დაწერა, რომ თეირანი ბირთვული მოლაპარაკებების ახალი რაუნდის წამოწყებაზეა ორიენტირებული.
"ჩვენ ამისთვის მზად ვართ და თუ სხვა მხარეებიც მზად იქნებიან, ამ მოგზაურობის ფარგლებში მოლაპარაკებების კიდევ ერთი მცდელობა გვქონდეს" - თქვა ირანის პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ ის თავიდანვე იყო იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც მხარს უჭერდნენ ირანის ბირთვულ შეთანხმებას დასავლეთთან, მათ შორის, გაეროს ბირთვული იარაღის ინსპექტორატისთვის ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეუზღუდავი წვდომის მიცემას.





