აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 4 აგვისტოს დიდი შვიდეულის (G7) სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა და აცნობა, რომ მისი ინფორმაციით, ირანი და მისი მოკავშირე ჰეზბოლა ისრაელს უახლოეს 24-48 საათში თავს დაესხმებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Axios-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ენტონი ბლინკენი საგარეო საქმეთა მინისტრებს სატელეფონო ზარით ესაუბრა და საუბრის მიზანი იყო მოკავშირეებთან ერთად ირანზე საბოლოო დიპლომატიური წნეხის გაზრდა და მოსალოდნელი თავდასხმის ესკალაციის რისკების მინიმიზება. როგორც ცნობილია, საუბრისას ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ თავდასხმის ეფექტების შემცირება შემდგომ ომის გაღვივების პრევენციის საუკეთესო გზაა.
ირანი ისრაელს 2024 წლის აპრილში თავს დაესხა ასობით დრონით და რაკეტით, რომელთა უდიდესი ნაწილი ისრაელის თავდაცვის ძალებმა ამერიკელ და სხვა მოკავშირეებთან ერთად მიგერიეს. ამჯერად, უცნობია, თუ რა როლს შეასრულებს აშშ-ს ძალები თავდასხმის მოგერიებასა და ომის პრევენციაში. ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ს დაზვერვამ არ იცის თავდასხმის ზუსტი დრო, თუმცა ის შეიძლება 5 აგვისტოსვე დაიწყოს.
31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. თავდაპირველად გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ჰამასის ლიდერი რაკეტამ იმსხვერპლა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ სიკვდილი დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას მოჰყვა.
ირანი და ჰამასი ჰანიას მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ. იერუსალიმი ბრალდებას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
ირანის ლიდერები ისრაელს სერიოზული და მკაცრი პასუხის გაცემით ემუქრებიან. WSJ-ს ცნობით, ირანის წარმომადგენლებმა არაბ დიპლომატებს უთხრეს, რომ არ აინტერესებთ, თუ ისრაელისადმი პასუხს ომი მოჰყვება.
2024 წლის აპრილში ირანმა ისრაელზე მასშტაბური იერიში მიიტანა ასობით რაკეტისა და დრონის გამოყენებით. ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ სირიაში, დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილ იერიშზე. მაშინ ისრაელმა თითქმის ყველა შემომავალი ობიექტი მოიგერია და ფაქტობრივად არ დაზიანებულან. იერუსალიმს სამიზნეების მოგერიებაში, აშშ-ს მეთაურობით, მეზობელი ქვეყნებიც დაეხმარნენ.