არჩევნები 2024

ხაზარაძე: პაუზა ავიღეთ, გახარიასთან მოლაპარაკებები არ დამთავრებულა

ფოტო: Facebook/Mamukakhazaradzeofficial

17 სექტემბრის საღამოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია - ძლიერი საქართველოსთვის და პარტია გახარია - საქართველოსთვის ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა, რათა პარტიებს გაერთიანების საკითხზე ემსჯელათ.  

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მათ პაუზა აიღეს, თუმცა მოლაპარაკებები გაგრძელდება.

"მადლობა გიორგის [გახარიას], ჩვენ შევხვდით პირისპირ, ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე. ვისაუბრეთ წარსულზე, მაგრამ, რაც მთავარია, ვისაუბრეთ მომავალზე. [...] ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შევთანხმდით ერთ რამეზე - გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გავუშვათ ხელისუფლებიდან და ძალიან სწრაფად დავაყენოთ ქვეყანა ევროპული განვითარების გზაზე. ჩვენ მოლაპარაკეები არ დაგვიმთავრებია; არის საკითხები და ეს საკითხები არის ტექნიკური ტიპის საკითხები. შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკება არ არის დამთავრებული, ჩვენ ავიღეთ კიდევ პაუზა" - თქვა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ამის პარალელურად გიორგი გახარიამ ხაზარაძესთან ერთად კოალიციის ჩამოყალიბებაზე მზადყოფნა გამოთქვა. მისი თქმით, ლელოს ლიდერმა "ერთდღიანი პაუზა პოზიციების შესათანხმებლად აიღო".

"მადლობა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. მე არ მინდა ახლა ბევრ დეტალებზე ვისაუბრო, ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერია საიდუმლო, ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები, როგორც ხდება ხოლმე. ეს არის, რის გამოც ეს გადაიდო, თორემ ჩემი მხრიდან, არაფერი…" - თქვა გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია, ძლიერი საქართველოს ლიდერიმამუკა ხაზარაძე და პარტია გახარია - საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია 17 სექტემბერს ორბელიანების სასახლეში, გაერთიანების საკითხზე მოსალაპარაკებლად მიიწვია. 

პრეზიდენტმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ იგი მზად იყო, მოლაპარაკების პროცესისთვის ხელი შეეწყო, როგორც ნეიტრალურ მხარეს. 

კომენტარები