მთავარი არხი კომუნიკაციების კომისიამ 5 000 ლარით დააჯარიმა. ტელეკომპანიის ცნობით, მთავარი გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც არხის იურისტი, თამთა მურადაშვილი ამბობს, საქმე ქართული ოცნების საარჩევნო კლიპს ეხება, სადაც სამიზნედ არიან ამოღებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ისინი კი არ არიან პოლიტიკური სუბიექტები.
"ეს კლიპი, კონკრეტული ნაწილი, რომელიც არის სადაო, ეწინააღმდეგება კანონს, კერძოდ სამიზნედ არიან ამოღებული მოქალაქეები, კერძოდ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან პოლიტიკური სუბიექტები, არც ცესკო-ში რეგისტრირებული პოლიტიკური სუბიექტები, არ იღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას. ხოლო კანონმდებლობის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამა არის ისეთი რეკლამა, რომელიც თავად პოლიტიკური სუბიექტის, ანუ პარტიის ხელშემწყობია, ან სხვა პოლიტიკური სუბიექტის ხელშემშლელი.
ქართული ოცნების დაჟინებული მოთხოვნაა ამ ადამიანების წინააღმდეგ იყოს ეს გზავნილი, ისინი არიან წარმოჩენილნი, როგორც საზოგადოების მორალური გადამგვარებლები, ამის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისიამ ჩათვალა, რომ ასეთი კლიპი უნდა განთავსდეს ეთერში" - ამბობს მურადაშვილი.
კომუნიკაციების კომისიამ(ComCom) მთავარი არხს ქართული ოცნების პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობის გამო სამართალდარღვევის ოქმი გუშინ, 11 სექტემბერს შეუდგინა. ComCom-ის განცხადებით, "სადავო პოლიტიკურ რეკლამაში არ ჩანს სიძულვილის ან ძალადობის წაქეზება, ან მოწოდება ძალადობისკენ".
"კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხის წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს საჩივარი დააკმაყოფილა და ტელეკომპანიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება ქართული ოცნების მიერ წარდგენილ პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც მთავარმა არხმა ეთერში არ განათავსა.
ვიდეო-რგოლის ეთერში განუთავსებლობის მიზეზად მთავარმა არხმა კანონმდებლობის შესაძლო დარღვევა დაასახელა. ტელეკომპანია მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეკლამის განთავსება, შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სიძულვილის ენის გავრცელების აკრძალვას, ან რეკლამის შესახებ კანონით გათვალისწინებულ წესებს" - წერია ComCom-ის განცხადებაში.





