ევროსაბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, მაიკლ ო'ფლაჰერთიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც იგი პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, არ მიიღონ ანტი-ლგბტ კანონი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ".
კომისარმა პარლამენტარებს LGBT ადამიანების უფლებებისა და თემის წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად მუშაობისკენ და LGBT თემის მასტიგმატიზებელი რიტორიკის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
"კანონპროექტი LGBTI ადამიანების წინააღმდეგ დისკრიმინაციას სამართლებრივ საფუძველს უქმნის, რაც შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან" - წერს ო'ფლაჰერთი.
კომისარმა ასევე აღნიშნა, რომ კანონი, ინცესტისა და სექსუალური ორიენტაციის ერთად მოხსენიებით, LGBT თემის მიმართ საზოგადოებაში ისედაც არსებული ნეგატიური განწყობების და სტიგმის გაძლიერებას უწყობს ხელს.
"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კარგად დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, დემოკრატიული საზოგადოება სექსუალური ორიენტაციით განპირობებულ სტიგმატიზაციაზე უარს ამბობს. ამგვარი საზოგადოება ინდივიდთა თანასწორ ღირსებაზეა დაფუძნებული და საზრდოობს მრავალფეროვნებით, რომელიც აღქმულია არა როგორც საფრთხე, არამედ როგორც საზოგადოების გამდიდრების წყარო" - ვკითხულობთ წერილში.
ცნობისთვის, 27 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდველი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ" კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კანონის პაკეტი 4 ივნისს წარადგინა და დაასახელა 8 საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იქნება 19 კანონის მეშვეობით.





