არჩევნები 2024

ბუჩუკური: შვილის პოლიტიკური საქმიანობის გამო, ტყიბულის სკოლის თანამშრომელი გაათავისუფლეს

გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის თქმით, ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე, ნანა ამბროლაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ბუჩუკური ამბობს, რომ ამბროლაძის შვილი სწორედ მათი პარტიის წევრია.

"ქართული ოცნება გიორგი გახარის გუნდის წევრების, მხარდამჭერებისა და მათი ოჯახის წევრების პოლიტიკურ დევნას განაგრძობს. ხობისა და სენაკის შემდეგ, ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე, ქალბატონი ნანა ამბროლაძე შვილის, მაკა შარვაძის პოლიტიკური საქმიანობისა და ჩვენი პარტიის წევრობის გამო, სკოლის დირექტორის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს.

ეს გადაწყვეტილება მას სკოლის ახალმა დირექტორმა, მაკა გაბელაშვილმა გააცნო, რომელიც, ამავდროულად, ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა. მაკა გაბელაშვილი სკოლის სამეურვეო საბჭომ 2-ჯერ დაიწუნა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ის დირექტორად მაინც დაინიშნა. ცნობისთვის, თავის დროზე, მაკა გაბელაშვილი ნაციონალურ მოძრაობას ემსახურებოდა. კერძოდ, ამ პარტიის კომისიის თავმჯდომარე იყო". - თქვა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

იქამდე, გიორგი გახარიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ მათი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერის გამო, ხონისა და სენაკის სკოლის დირექტორები, მინდია გველებიანი და შორენა შამათავა სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები