დონალდ ტრამპი

დუმილისთვის ფულის გადახდის საქმეზე ტრამპის განაჩენი აშშ-ს არჩევნების შემდეგ დადგინდება

დონალდ ტრამპი სასამართლო პროცესზე, 2024 წლის 30 მაისი.
Steven Hirsch/AP

აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მიერ დუმილისთვის ფულის გადახდის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 5 ნოემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოიტანს. გადაწყვეტილება ნიუ-იორკის კრიმინალური სასამართლოს მოსამართლემ დღეს, 6 სექტემბერს გამოაცხადა

განაჩენი 18 სექტემბრის ნაცვლად, 26 ნოემბერს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებიდან 21 დღის შემდეგ დადგინდება. 

როგორც გამოცემა Associated Press წერს, ტრამპის დაცვის მხარემ განაჩენის გამოტანის გადადების შესახებ განაცხადი შეიტანა, რომელიც მოსამართლე ხუან მერჩანმა დააკმაყოფილა. 

2024 წლის 31 მაისს ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო 34-ვე ბრალდებაში, რომლებიც ბიზნესის ჩანაწერების გაყალბებასა და პორნოვარსკვლავი სტორმი დანიელსის გაჩუმებისთვის ფულის გადახდას უკავშირდებოდა.

დენიელსის მტკიცებით, მას და ტრამპს სექსი ჰქონდათ და მან ამ ამბის 2016 წელს საპრეზიდენტო კამპანიისას დასამალად ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატისგან 130 000 დოლარი მიიღო.

საქმის განხილვა 2018 წელს დაიწყო. ტრამპი უარყოფდა დენიელსთან რამე სექსუალურ კავშირს. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი, მაიკლ კოენი დააპატიმრეს. 

კომენტარები