2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს ტელეფონით გაესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

გამოცემა Sky News-ის ცნობით, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს ტელეფონით გაესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას ამერიკულ მედიას ჰარისთან დაახლოებული წყარო აწვდის. 

წყაროს ცნობით, ჰარისმა და ტრამპმა ტრამპისთვის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

აშშ-ს მოქმედი ვიცეპრეზიდენტი და საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის დამარცხებული კანდიდატი, კამალა ჰარისი დამარცხების შესახებ სიტყვით აშშ-ს დროით 6 ნოემბრის 16:00 საათზე, ხოლო საქართველოს დროით 7 ნოემბრის 01:00 საათზე გამოვა. 

2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართა, აშშ-ს ყოფილმა, 45-ე პრეზიდენტმა და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. 

ბოლო მონაცემებით, ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 292, ხოლო ჰარისს 224 ხმა აქვს. არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა 270 ხმა. 

რესპუბლიკელების კანდიდატმა უკვე დადასტურებულად გაიმარჯვა 7 მერყევი შტატიდან 5-ში: პენსილვანიაში, ჯორჯიაში, ვისკონსინში, ჩრდილოეთ კაროლინასა და მიჩიგანში. ხმების დათვლა გრძელდება ნევადაში, არიზონასა და ალასკაში, რომელთაგან ყველაში დონალდ ტრამპი ლიდერობს. 

ტრამპი პირველი ვადით პრეზიდენტი 2016 წელს გახდა, თუმცა, 2020-ში ჯო ბაიდენთან დამარცხდა. დღევანდელი ისტორიული გამარჯვებით, ტრამპი გროვერ კლივლენდის შემდეგ ამერიკის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, რომელიც არჩევნების დამარცხების შემდეგ კვლავ გახდა პრეზიდენტი. 

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამარჯვების შემდეგ, ამერიკელ ხალხს მიმართა და მადლობა გადაუხადა.

"მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს იყო ყველა დროის ყველაზე დიდებული პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ ქვეყანაში ყოფილა. ჩვენ მივაღწევთ ახალ დონეს, ჩვენ დავეხმარებით ჩვენს ქვეყანას განკურნებაში. ჩვენს ქვეყანას დახმარება სჭირდება. გამოვასწორებთ ჩვენს საზღვრებს და ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში. დღეს ისტორია გარკვეული მიზეზით დაიწერა, ჩვენ დავძლიეთ დაბრკოლებები, რომლებსაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა. ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე წარმოუდგენელ პოლიტიკურ გამარჯვებას. ეს პოლიტიკური გამარჯვებაა, რომლის მსგავსიც ჩვენს ქვეყანას არასდროს უნახავს.

მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს განსაკუთრებული პატივისთვის , რომ ამირჩიეთ თქვენს 47-ე პრეზიდენტად. თითოეული მოქალაქისა და მათი ოჯახისთვის, მათი მომავლისთვის ვიბრძოლებ. თითოეულ დღეს ვიბრძოლებ თქვენთვის, არ გავჩერდები, ვიდრე არ მივაღწევთ, ძლიერ, უსაფრთხო და კეთილდღეობის მქონე ამერიკას, რომელსაც ჩვენი შვილები იმსახურებენ. ეს ნამდვილად იქნება ოქროს ხანა ამერიკისთვის, ეს არის დიდებული გამარჯვება ამერიკელი ხალხისთვის, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, კვლავ დიდებული გავხადოთ ამერიკა". - თქვა ტრამპმა.

კომენტარები