ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტსა და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ს არჩევნების შედეგებზე პირველი კომენტარი ვალდაის ფორუმზე გააკეთა.
"მინდა გამოვიყენო ეს შანსი და არჩევნებში გამარჯვება მოგილოცო". - მიმართა პუტინმა ტრამპს ფორუმიდან.
როგორც ერთ-ერთი რუსული Telegram-არხი წერს, პუტინმა ტრამპს "კომიკურად, დისკუსიის დაწყებიდან უთანასწორობის, ხელოვნური ინტელექტისა და კლიმატის ცვლილების შესახებ თითქმის 3-საათიანი საუბრის შემდეგ მიულოცა".
"თავდაპირველად ყველა ამბობდა, რომ იგი ძირითადად ბიზნესმენი იყო და დიდად არაფერი გაეგებოდა პოლიტიკის შესახებ. პირველ რიგში, მკვლელობის პირველი მცდელობისას მისმა ქმედებებმა გამაოცა. ის მამაცი კაცია. [...] რაც შეეხება პოლიტიკას, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას ყველა მხრიდან დევნიდნენ და მოძრაობის უფლებას არ აძლევდნენ". - თქვა პუტინმა ტრამპზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ "მან არ იცის, თუ რა მოხდება", როდესაც ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება.
"თუმცა ის, რაც ჯერჯერობით საჯაროდ თქმულა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენისა და უკრაინის კრიზისის დასრულების სურვილთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, სულ მცირე, ყურადღებას იმსახურებს". - თქვა პუტინმა.
ტრამპისთვის გამარჯვებაზე მილოცვის შემდეგ, პუტინმა განაცხადა, რომ მას აშშ-სთან კომუნიკაციის გაგრძელების "საწინააღმდეგო არაფერი აქვს", თუ ეს აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის სურვილიც იქნება.
"არ ვფიქრობ, რომ მასთან დარეკვა სამარცხვინო იქნება. ამას უბრალოდ არ ვაკეთებ იმიტომ, რომ დასავლური ქვეყნების ლიდერები, ერთ დროს, თითქმის ყოველ კვირას მირეკავდნენ, თუმცა უეცრად მათ [რეკვა] შეწყვიტეს. რა გაეწყობა, თუ მათ ეს არ უნდათ, არცაა საჭირო. როგორც ხედავთ, ჩვენ ვცოცხლობთ, კარგად ვართ, ვვითარდებით და წინ მივიწევთ. თუ რომელიმეს კომუნიკაციის განახლება მოუნდება, მე ამას ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი - ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს". - განაცხადა პუტინმა შეკითხვის საპასუხოდ, რა რეაქცია ექნებოდა, თუ მას ტრამპი ინაუგურაციამდე დაურეკავდა და შეხვედრას შესთავაზებდა.
ცნობისთვის, 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართა, აშშ-ს ყოფილმა, 45-ე პრეზიდენტმა და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
ტრამპი პირველი ვადით პრეზიდენტი 2016 წელს გახდა, თუმცა, 2020-ში ჯო ბაიდენთან დამარცხდა. 5 ნოემბრის ისტორიული გამარჯვებით, ტრამპი გროვერ კლივლენდის შემდეგ ამერიკის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, რომელიც არჩევნების დამარცხების შემდეგ კვლავ გახდა პრეზიდენტი.
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამარჯვების შემდეგ, ამერიკელ ხალხს მიმართა და მადლობა გადაუხადა.
"მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს იყო ყველა დროის ყველაზე დიდებული პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ ქვეყანაში ყოფილა. ჩვენ მივაღწევთ ახალ დონეს, ჩვენ დავეხმარებით ჩვენს ქვეყანას განკურნებაში. ჩვენს ქვეყანას დახმარება სჭირდება. გამოვასწორებთ ჩვენს საზღვრებს და ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში. დღეს ისტორია გარკვეული მიზეზით დაიწერა, ჩვენ დავძლიეთ დაბრკოლებები, რომლებსაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა. ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე წარმოუდგენელ პოლიტიკურ გამარჯვებას. ეს პოლიტიკური გამარჯვებაა, რომლის მსგავსიც ჩვენს ქვეყანას არასდროს უნახავს.
მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს განსაკუთრებული პატივისთვის , რომ ამირჩიეთ თქვენს 47-ე პრეზიდენტად. თითოეული მოქალაქისა და მათი ოჯახისთვის, მათი მომავლისთვის ვიბრძოლებ. თითოეულ დღეს ვიბრძოლებ თქვენთვის, არ გავჩერდები, ვიდრე არ მივაღწევთ, ძლიერ, უსაფრთხო და კეთილდღეობის მქონე ამერიკას, რომელსაც ჩვენი შვილები იმსახურებენ. ეს ნამდვილად იქნება ოქროს ხანა ამერიკისთვის, ეს არის დიდებული გამარჯვება ამერიკელი ხალხისთვის, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, კვლავ დიდებული გავხადოთ ამერიკა". - თქვა ტრამპმა.