აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მისი ყოფილი კაბინეტის 2 წევრი - აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო და გაეროში აშშ-ს ყოფილი ელჩი, ნიკი ჰეილი მის მომავალ მინისტრთა კაბინეტში თანამდებობებს აღარ დაიკავებენ. ამის შესახებ აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე დაწერა.
"მე აღარ მოვიწვევ [გაეროში] ყოფილ ელჩ ნიკი ჰეილის და ყოფილ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ტრამპის ადმინისტრაციაში, რომელიც ფორმირების პროცესშია. მე ვისიამოვნე მათთან ერთად მუშაობით და ამას ვაფასებ, მინდა მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის". - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ჰეილი 2024 წლის აშშ-ს არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად იღებდა მონაწილეობას, თუმცა მან საკუთარი კანდიდატურა 6 მარტს მოხსნა.
როგორც გამოცემა Politico წერს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურდა პომპეოსაც, თუმცა ეს გადაიფიქრა და, საბოლოოდ, მხარდაჭერა ტრამპს გამოუცხადა.
Politico-ს ცნობით, უცნობია, სურდა თუ არა ჰეილის ტრამპის მეორე ადმინისტრაციაში თანამდებობის დაკავება. თუმცა გამოცემას ტრამპის ყოფილი ადმინისტრაციიდან ორმა ანონიმურმა წყარომ უთხრა, რომ პომპეოს, რომელიც ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიებში იღებდა მონაწილეობას, [ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში] თავდაცვის მდივნის პოსტზე დასახელება სურდა.
პომპეოს თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნას იყვნენ მკაცრად შეეწინააღმდეგა ტრამპის შვილი, დონალდ ტრამპ უმცროსი და Fox News-ის ულტრამემარჯვენე კომენტატორი, ტაკერ კარლსონიც.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, "არსებობს სურვილი, რომ [მომავალ ადმინისტრაციაში] არ იყვნენ ადამიანები პრეზიდენტობის ამბიციებით".
2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართა, აშშ-ს ყოფილმა, 45-ე პრეზიდენტმა და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
ტრამპი პირველი ვადით პრეზიდენტი 2016 წელს გახდა, თუმცა, 2020-ში ჯო ბაიდენთან დამარცხდა. 5 ნოემბრის ისტორიული გამარჯვებით, ტრამპი გროვერ კლივლენდის შემდეგ ამერიკის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, რომელიც არჩევნების დამარცხების შემდეგ კვლავ გახდა პრეზიდენტი.
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამარჯვების შემდეგ, ამერიკელ ხალხს მიმართა და მადლობა გადაუხადა.
"მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს იყო ყველა დროის ყველაზე დიდებული პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ ქვეყანაში ყოფილა. ჩვენ მივაღწევთ ახალ დონეს, ჩვენ დავეხმარებით ჩვენს ქვეყანას განკურნებაში. ჩვენს ქვეყანას დახმარება სჭირდება. გამოვასწორებთ ჩვენს საზღვრებს და ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში. დღეს ისტორია გარკვეული მიზეზით დაიწერა, ჩვენ დავძლიეთ დაბრკოლებები, რომლებსაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა. ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე წარმოუდგენელ პოლიტიკურ გამარჯვებას. ეს პოლიტიკური გამარჯვებაა, რომლის მსგავსიც ჩვენს ქვეყანას არასდროს უნახავს.
მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს განსაკუთრებული პატივისთვის , რომ ამირჩიეთ თქვენს 47-ე პრეზიდენტად. თითოეული მოქალაქისა და მათი ოჯახისთვის, მათი მომავლისთვის ვიბრძოლებ. თითოეულ დღეს ვიბრძოლებ თქვენთვის, არ გავჩერდები, ვიდრე არ მივაღწევთ, ძლიერ, უსაფრთხო და კეთილდღეობის მქონე ამერიკას, რომელსაც ჩვენი შვილები იმსახურებენ. ეს ნამდვილად იქნება ოქროს ხანა ამერიკისთვის, ეს არის დიდებული გამარჯვება ამერიკელი ხალხისთვის, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, კვლავ დიდებული გავხადოთ ამერიკა". - თქვა ტრამპმა.