ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ჰამასმა მიანიშნა, რომ თუ IDF მძევლების ადგილსამყოფელს მოუახლოვდება, მძევლებს მოკლავენ

AFP/ Said Khatib

ჰამასის ტერორისტულმა ჯგუფმა, 2 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, მიანიშნა, რომ 6 ისრაელელი მძევალი, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის ერთ-ერთ გვირაბში გარდაცვლილი იპოვეს, ტერორისტებმა იმ მიზეზით მოკლეს, რომ მათ ისრაელის არმია უახლოვდებოდა. 

ჰამასის სპიკერის თქმით, დაჯგუფებამ, ივნისში ნუსეირათში ისრაელის მიერ მძევლების წარმატებული გამოხსნის გამო, "ახალი ინსტრუქციები" მისცა ტერორისტებს იმ შემთხვევისთვის, თუ გატაცებულებს ისრაელელი ჯარისკაცები მიუახლოვდებიან. 

"ჩვენ ყველას მკაფიოდ ვეუბნებით, რომ ნუსეირათის ინციდენტის შემდეგ ახალი ინსტრუქციები გაიცა ტერორისტებისთვის, რომლებიც მძევლებს ყარაულობენ, რომ გაუმკლავდნენ მათ შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ საოკუპაციო არმია მათ ადგილს მიუახლოვდება" - თქვა ჰამასის სპიკერმა, ჰუდაიდა კალუტმა, მეტსახელად, აბუ ობეიდამ.

შესაბამისად, ისრაელში ფიქრობენ, რომ რაფაში 6 ისრაელელი მძევალი ტერორისტებმა სწორედ ამ ინსტრუქციების შესაბამისად მოკლეს. 

ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს ღაზის სექტორში, რაფაში, ერთ-ერთ გვირაბში, რამდენიმე დღის წინ მოკლული 6 მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს

მძევლები იყვნენ: 23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი, 24 წლის ედენ იერუშალმი, 25 წლის ორი დანინო, 32 წლის ალექს ლუბნოვი, 40 წლის კარმელ გატი, 27 წლის ალმონგ სარუსი. 6-ვე მძევალი 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცეს. გოლდბერგ-პოლინი ისრაელთან ერთად, აშშ-ს მოქალაქეცაა.

"პირველადი შეფასებით, ისინი ცოტა ხნით ადრე, ჰამასის ტერორისტებმა მხეცურად მოკლეს. თითოეული მათგანი ჰამასმა 7 ოქტომბერს გაიტაცა". – თქვა IDF-ის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ.

კომენტარები