საზოგადოების მხრიდან შეგუება-ესაა ავტოკრატიული რეჟიმის მთავარი ამოცანა თავისუფლების წართმევის მცდელობისას. შემგუებლობა და ბრძოლის, წინააღმდეგობის შეწყვეტა ნიშნავს თავისუფლების გარდაცვალებას. ეს გააკეთა პუტინმა რუსეთში, ლუკაშენკომ ბელარუსში - ჩვენს თვალწინ და ეტაპობრივად, თავისუფალი საზოგადოების ჩანასახი გაანადგურა.
ივანიშვილი თვლის, რომ უკვე ბევრ რამეს 'შეაგუა' ქართველი ხალხი. იმას, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ლანძღვა და გინება მოსულა... რომ რუსული კაპიტალის და რუსების ქვეყანაში უკონტროლო შემოსვლა-მოსულა, ვაშინგტონი და ბრიუსელი თუ გაკრტიკებას, არა უშავს, მთავარია კრემლმა შეგაქოს. შეგვაგუა, რომ კორუფცია და ნეპოტიზმი ცხოვრების წესია... რომ სახელმწიფო მანქანასთან ბრძოლაში ადამიანი აუცილებლად გაიჭყლიტება... სიღარიბეს, სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულ ასობით ათასს ადამიანს, პურის ფულს რომ უგდებს და მუშაობის უფლებას და ღირსეულ ცხოვრებას ართმევს - თვლის, რომ შეგვაგუა.
'სირცხვილიაზე' - რუსული კანონით რომელიმე ცალკეული ორგანიზაციის დარეგისტრირება კი არაა პრობლემა, ტრაგიზმი ამ გადაწყვეტილების სწორედ ისაა, რომ "შემგუებლობის" დანერგვის პოლიტიკას ეხმარება. ეხმარება ხელისუფლებას, რომ ის რაც არაა ნორმალური, აქციოს ნორმალურად...
26 ოქტომბერს ვიღებთ გადაწყვეტილებას, ვაპირებთ თუ არა შევეგუოთ კიდევ უფრო მეტს-მეტი ქართველისგან დაცლილ ქვეყანას, გაზრდილ სიღარიბეს, ოფიციალურად გაუქმებულ ევროპულ მომავალს, ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებას და სწრაფი მარშით უკვე ფორმალურად რუსეთისკენ სვლას.
მორალური გატეხვა მხოლოდ ადამიანის არა, მთელი ერისაც შეიძლება. დღეს ესაა რუსეთის და ივანიშვილის ამოცანა. არსებობს მომენტი, როდესაც საზოგადოება იფიტება და ერთბაშად ბარდება მტერს... ეს მომენტი ქართველ ხალხს უახლოვება და მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა დარჩა 26 ოქტომბერს სწორი არჩევანის გაკეთება.





