29 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდმა სიკეთის რევოლუცია რუსული კანონის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა.
"მეგობრებო! ფონდი სიკეთის რევოლუცია წყვეტს ფუნქციონირებას. მოგეხსენებათ, რომ "კანონი გამჭვირვალობის შესახებ" გულისხმობს ან უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაციას, ან ორგანიზაციის ლიკვიდაციას, თუ მისი დაფინანსების წყაროს 20 % უცხოეთიდან არის შემოსული. წინააღნდეგ შემთხვევაში ექვემდებარება ჯარიმას.
ფონდი ძირითადად ჩემი უახლოესი მეგობრების შემოწირულობით არსებობდა. ამათგან 3 მეგობარი ევროპიდან პერიოდულად მირიცხავდა თანხას ფონდის ანგარიშზე. ფონდის შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენდა 1200-2000 ლარს, რაც თვეში 3-დან 5 ოჯახამდე დაფინანსების საშუალებას იძლეოდა.
აქვე დავამატებ იმასაც, რომ ფონდი 3 წლის განმავლობაში 400-მდე ოჯახს დაეხმარა მთელი საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ ენთუზიაზმზე და არანაირი ფინანსური სარგებელი, გარდა შინაგანი დადებითი ემოციური განცდისა, არავის მიუღია. მოკლედ ფონდი მთლიანად მოხალისეობაზე არსებობდა" - განცხადებას სიკეთის რევოლუცია Facebook-ზე ავრცელებს.
"... სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი 3 იურისტს, იუსტიციის სამინისტროს ცხელ ხაზს და არაერთ კომპეტენტურ ადამიანს ვკითხე რჩევა.
ძალიან მწყდება გული... ის, რაც მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთობლივად გავაკეთეთ, რაც ძალიან გვიყვარდა და გვაბედნიერებდა, ახლა უნდა დავასრულოთ.
ვინმემ არ მითხრას, რომ ამ კანონმა ფიზიკური პირები არ დააზარალა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენთან გადმოვამისამართებ ფონდის ყველა ბენეფიციარს და თქვენ დაეხმარეთ.
უკვე ფონდის არცერთი ანგარიში არ მუშაობს.
P.s ფონდის ლიკვიდაციისთვის 208 ლარი გადავიხადე. არადა, ამ თანხით ერთ ოჯახს დავეხმარებოდით". - ვკითხულობთ განცხადებაში.
28 მაისს რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. კენჭისყრაზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, ივანიშვილის 84-მა დეპუტატმა კანონის საბოლოო მიღებას დაუჭირა მხარი.
რუსული კანონის აღსასრულებლად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შექმნილ ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტს სანდრო კირვალიძე ხელმძღვანელობს. დეპარტამენტს 2 სამსახური ექნება - რეგისტრაციისა და მონიტორინგის. ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი - თინათინ ღუღუნიშვილია. ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის დეკლარირების მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი კი ირაკლი კერვალიშვილი.
ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო სარჩელების განხილვის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოში სულ 5 სარჩელია შესული.





