საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ კიდევ ერთი, მე-5 სარჩელი შევიდა. მისი ავტორი საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციაა (სიფა). ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილ 4 სარჩელზე პირველი განმწესრიგებელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
"გუშინწინ, 27 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთი, ახალი სარჩელი შემოვიდა, რომელიც ჯერ დარეგისტრირებულიც არ არის. სარჩელის ავტორი საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციაა (სიფა). ამ სარჩელშიც ანალოგიური მოთხოვნებია დაყენებული. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით სარჩელის დარეგისტრირებისა და პროცედურით განსაზღვრული სხვა წესების დაცვით ამ სარჩელის დანარჩენ ოთხთან ერთად გაერთიანება შეუძლებელი იყო, ვფიქრობთ, ეს სარჩელი დამატებით განიხილება. ალბათ, სავარაუდოდ, ზეპირი მოსმენის გარეშე. რაც მთავარია, ამ ახალ სარჩელს ბოლოს ხელმოწერა არ ჰქონდა და შესაბამისად, ალბათ, მოსარჩელეები ამას წესრიგში მოიყვანენ". - თქვა ტურავამ.
დღეს, 29 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე პირველი განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს. საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ 5 სარჩელია შესული: საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციონერი დეპუტატების, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის.
- საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი რუსულ კანონზე წარმოებაში მიიღო
- საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს
- 121 NGO-მ და მედიაორგანიზაცია რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს მიმართავს
- რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი, მე-5 სარჩელი შევიდა





