არჩევნები 2024

TI: ცესკოს დადგენილება საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას აზიანებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებითცესკოს დადგენილება საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას აზიანებს და საარჩევნო კოდექსს ეწინააღმდეგება. 

საქმე ეხება 16 აგვისტოს ცესკოს მიერ გამოცემულ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც როგორც ელექტრონულ საარჩევნო უბნებზე, ისე იმ საარჩევნო უბნებზეც, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 7 დღით ადრე ჩატარდება. 

აქამდე, წილისყრის პროცედურა არჩევნების დღის დილის 7 საათიდან 8 საათამდე პერიოდში იმართებოდა, რაც, როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, საშუალებას აძლევდა ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებსაც, მონიტორინგი გაეწიათ ამ პროცედურისთვისაც. თუმცა ცესკოს დადგენილებით შეუძლებელი ხდება, რომ საქართველოში და საზღვარგარეთ გახსნილ 3000-ზე მეტ უბანზე არჩევნებამდე 7 ან მეტი დღით ადრე მოხდეს სადამკვირვებლო რესურსის მობილიზება ამავე მასშტაბებით. ორგანიზაციის განცხადებით, "ცვლილების შედეგად გარანტირებულად დაზიანდება წილისყრის პროცედურაზე დაკვირვების ხარისხი, რაც უდავოდ შეამცირეს პროცესის გამჭვირვალობას". 

რაც შეეხება ცესკოს მიერ გადაწყვეტილების კანონიერების დასაბუთებას, TI-ს ცნობით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოყვანილი არგუმენტები შეუსაბამოა საარჩევნო კოდექსთან და არ არის სრულყოფილი. 

"ცესკოს დადგენილებაში, მისი „კანონიერების“ დასასაბუთებლად, მითითებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმის თანახმად, „გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები.“

ჯერ ერთი, ცესკო უგულებელყოფს იმავე მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ღ1“ ქვეპუნქტის დანაწესს, რომლის თანახმად, ცესკო უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს სხვა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, გარდა კენჭისყრის დღის პროცედურებისა“. აღნიშნული გამონაკლისი პირდაპირ უკრძალავს ცესკოს, რაიმე ცვლილება შეიტანოს კენჭისყრის დღის პროცედურებში.

მეორეც, დადგენილებაში, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, არ არის დასაბუთებული, რა „გამონაკლის შემთხვევას“ ჰქონდა ადგილი ამ შემთხვევაში და რატომ იქნებოდა „შეუძლებელი“ წილისყრის პროცედურის კენჭისყრის დღეს ჩატარების შემთხვევაში საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესრულება ან ვადების დაცვა. 2023 წელს ჩატარებულ შუალედურ არჩევნების დროს, სადაც იგივე ელექტრონული ტექნოლოგიები და პროცედურები იყო გამოყენებული, რისი გამოყენებაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის არის დაგეგმილი, წილისყრის პროცედურების ნაწილში პრობლემა არ გამოვლენილა" - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

ორგანიზაციამ ცესკოს მოუწოდა, გააუქმოს 16 აგვისტოს დადგენილება და დაიცვას წილისყრის პროცედურის ჩასატარებლად საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული ვადა. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მტკიცებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენ წილისყრაზე  დადგენილების მიღებისას მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მიზნებს ეყრდნობოდნენ.  დადგენილების თანახმად, როგორც ელექტრონულ საარჩევნო უბნებზე, ისე იმ საარჩევნო უბნებზეც, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა ჩატარდება კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა. ცესკო ირწმუნება, რომ ისეთ საარჩევნო უბნებზე (2 263 საარჩევნო უბანი), სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება, წილისყრის გარკვეული პროცედურების გამართვა ისედაც კენჭისყრის დღემდე 7 დღით ადრე გათვალისწინებული.

ცნობისთვის, კოალიცია ძლიერმა საქართველომ ახალი დადგენილების წინააღმდეგ სარჩელი მოამზადა, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 

კომენტარები