კოალიცია ძლიერი საქართველოს მიერ ცესკოს ახალი დადგენილების წინააღმდეგ მომზადებული სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ნანა აფციაურის თქმით, გადაწყვეტილების გასაჩივრება მოსარჩელეს 2 დღის ვადაში შეუძლია.
"სასამართლომ გადაწყვიტა, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. [...] გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით". - თქვა აფციაურმა.
კოალიციის ერთ-ერთი წევრის, გიორგი სიორიძის თქმით, გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, რადგან სასამართლოც და ცესკოც მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება.
"სასამართლოს გადაწყვეტილება ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი, ჩვენ კარგად ვიცით, რომ დღევანდელი ქართული მართლმსაჯულება, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორიც არის ცესკო, ემსახურება ქართული ოცნების ინტერესებს. მიუხედავად იმისა, თუ რა ცვლილებს და წინაღობებს შექმნის ხელისუფლება არჩევნების გზაზე, ბოლო 2 თვის განმავლობაში, ქართველი ხალხის გაცნობიერებული არჩევანი არის ევროკავშირში ინტეგრაცია". - თქვა სიორიძემ.
ცესკოს ახალი დადგენილების მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების გადანაწილება არა არჩევნების დღეს, არამედ ერთი კვირით ადრე მოხდება.