რუსეთ-უკრაინის ომი

რუსეთმა 90-ზე მეტი ინდოელი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მოტყუებით წაიყვანა

ინდოეთის პარლამენტის წევრმა ვიკრამჯიტ სინგჰ საჰნეიბმა ტელეკომპანია Дождь-თან საუბრისას თქვა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად 90-ზე მეტი ინდოეთის მოქალაქე მოტყუებით წაიყვანეს და დაღუპულთა ცხედრების სამშობლოში დაბრუნება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.

როგორც Эхо Кавказа წერს, სინგჰის თქმით, ომში მოხვედრილი ინდოეთის მოქალაქეების უმრავლესობას რუსეთში სამსახურის შეთავაზებით იწვევენ, შემდეგ კი თარჯიმანის გარეშე აიძულებენ, რომ თავდაცვის სამინისტროსთან მოაწერონ ხელი კონტრაქტს. ინდოეთის მოქალაქეები მხოლოდ ფრონტის ხაზზე აღმოჩენის შემდეგ იაზრებენ საქმის ვითარებას.

ტელეკომპანია Дождь უკრაინაში მოკლული ერთ-ერთი ინდოელის, რავი მუნუს მშობლებს დაუკავშირდა. როგორც მათ აღნიშნეს, მათ შვილს ერთ-ერთ რუსულ სატრანსპორტო კომპანიაში დაჰპირდნენ სამუშაოს, თუმცა რუსეთში ჩასვლის შემდეგ მუნუ ოჯახს ფრონტიდან დაუკავშირდა.

ცნობისთვის, ივლისში, მოსკოვში ვიზიტისას ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ წამოჭრა კითხვები ინდოელების დემობილიზაციის შესახებ, რომლებმაც ხელი მოაწერეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტებს. პუტინი მას საკითხის მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.

ამავე ვიზიტისას მოდიმ თქვა, რომ "ყოველი ინდოელი რუსეთს მოიაზრებს, როგორც ინდოეთის მეგობარს ჭირშიც და ლხინშიც. ჩვენი ურთიერთობის ერთგულება რამდენჯერმე გამოიცადა და ყოველ ჯერზე ძალიან ძლიერი დარჩა".

აღსანიშნია, რომ რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ინდოეთისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებელია.

მოგვიანებით, აგვისტოში ნარენდრა მოდი კიევში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა და უკრაინასა და რუსეთს კონფლიქტის "მშვიდობიანი" გზით გადაჭრისკენ მოუწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთის პრემიერმა ზელენსკის უთხრა, რომ იგი მზადაა მშვიდობის დამყარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

კომენტარები