რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ინდოეთის პრემიერი ზელენსკის შეხვდა; მან რუსეთსა და უკრაინას დიალოგისკენ მოუწოდა

ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი კიევში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და უკრაინასა და რუსეთს კონფლიქტის "მშვიდობიანი" გზით გადაჭრისკენ მოუწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთის პრემიერმა ზელენსკის უთხრა, რომ იგი მზადაა მშვიდობის დამყარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

"წინა თვეში, როდესაც რუსეთს ვესტუმრე, მე ძალიან ცხადად ვუთხარი პუტინს, რომ პრობლემები ბრძოლის ველზე ვერ გადაიჭრება. პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა დიალოგი და დიპლომატიაა". - განაცხადა ინდოეთის პრემიერმა შეხვედრაზე.

მოდის თქმით, "ორივე მხარეს მოუწევს, ერთად დასხდნენ და კრიზისიდან გამოსვლის გზები მოძებნონ".

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში მოდი უკრაინის ისტორიის მუზეუმს ესტუმრა, სადაც მან უკრაინის პრეზიდენტთან ერთად რუსეთის თავდასხმის დროს დაღუპული 570 უკრაინელი ბავშვის ხსოვნას მიაგო პატივი.

უკრაინაში გამგზავრებამდე მოდიმ განაცხადა, რომ "უკრაინის მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრაზე საკუთარი პერსპექტივების გაზიარების შესაძლებლობას" მოელოდა. მისი თქმით, "როგორც მეგობარი და პარტნიორი, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დაბრუნებას ვიმედოვნებთ".

კიევში მოდი პოლონეთიდან ჩავიდა. ეს ინდოეთის პრემიერმინისტრის პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც უკრაინამ 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.

მანამდე, ივლისის თვეში, მოდი მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა. რუსეთში მოდის ვიზიტს ზელენსკისგან კრიტიკა მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ "დიდი იმედგაცრუება და მშვიდობის ძალისხმევისთვის დამანგრეველი დარტყმაა, როცა ვხედავთ, როგორ ეხუტება მოსკოვში მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატიის ლიდერი მსოფლიოს ყველაზე სისხლიან კრიმინალს ასეთ დღეს". მოდის მოსკოვში ჩასვლის დღეს რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა, რომელიც ბავშვთა საავადმყოფოს მოხვდა.

კომენტარები